BBC: ჰაკერები ფეისბუკის 81 000 მომხმარებლის მესიჯებს ყიდიან

BBC-ის ცნობით, ჰაკერებმა, სულ მცირე, 81 000 ფეისბუკ მომხმარებლის პირადი შეტყობინებები მოიპოვეს და გასაყიდად გამოიტანეს. BBC-ის ინფორმაციით, მომხმარებლების უმეტესობა უკრაინიდან და რუსეთიდან არიან, თუმცა ანგარიშებს შორის იყვნენ მომხმარებლები ბრიტანეთიდან და ბრაზილიიდან.

როგორც BBC წერს, ფეისბუკი აღნიშნულს არ ადასტურებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ უსაფრთხოების სისტემაში არ შუღწევიათ და მონაცემები სავარაუდოდ ბრაუზერის დამატებებითაა მოპოვებული.

გამოცემის ცნობით, ინფორმაცია სავარაუდო ქურდობასთან დაკავშირებით სექტემბერში გასაჯაროვდა, როცა ინგლისურენოვან ინტერნეტ ფორუმზე მომხმარებელმა, სახელით FBSaler, დაწერა, რომ ფეისბუკ მომხმარებლების პირად ინფორმაციას ყიდდა, მათ ბაზაში კი 120 მილიონი მომხმარებელი შედიოდა. BBC-ის ეჭვი ეპარება, რომ ჰაკერებს 120 მილიონი მომხმარებლის მონაცემები ჰქონდეთ.

კიბერ-უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანია Digital Shadows, რომელიც ამ საკითხს სწავლობდა, BBC-ის უდასტურებს, რომ 81 000-ზე მეტი პროფილის ნიმუში, რომელიც ონლაინ სივრცეში გამოქყვენდა, პირად შეტყობინებებს შეიცავდა.

BBC-ის ცნობით, ხელმისაწვდომი ასევე გახდა 176 ანგარიშის მონაცემები, თუმცა ზოგი მათგანი ელექტრონული ფოსტის მისამართებსა და პირადი ტელეფონის ნომრებს შეიცავდა, რომელიც შესაძლოა იმ მომხმარებლებს მოპარეს, რომლებიც ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არ ფარავდნენ.

BBC-ის რუსული სამსახური რუსეთის 5 მოქალაქესაც ესაუბრა, რომელთა პირადი შეტყობინებებიც საჯაროდ იყო ატვირთული. ხუთივე მათგანმა გამოცემას დაუდასტურა პოსტების ავთენტურობა. ერთი ნიმუში შვებულების დროს გადაღებულ ფოტოებს მოიცავდა, მეორეში მომხმარებლები Depeche Mode-ის კონცერტზე საუბრობდნენ.  როგორც გამოცემა წერს, მოპარულ მონაცემებს შორის იყო შეყვარებულების ინტიმური საუბარი. ერთ-ერთ ნიმუშში კი მომხმარებელი მეგობართან სიძეს კიცხავდა.

ინტერნეტში გავრცელებული მონაცემების ნიმუში

ერთ-ერთი ვებგვერდი, სადაც მონაცმეები გამოქვეყნდა, პეტერბურგშია შექმნილი. IP მისამართი  გამოყენებული იყო LokiBot Trojan-ის გასავრცელებლად. პროგრამა თავდამსხმელებს მიერ ანგარიშების პაროლების მოპოვებისთვისაა შექმნილი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.