ახალი ამბები

ლონდონის აეროპორტში პოლიციამ ნასვამი პილოტი დააკავა

2 ნოემბერი, 2018 •
ლონდონის აეროპორტში პოლიციამ ნასვამი პილოტი დააკავა

ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში პოლიციამ იაპონელი პილოტი დააკავა, რომელსაც სამუშაო დროს ორგანიზმში ალკოჰოლის დასაშვებზე ცხრაჯერ მეტი დოზა აღმოაჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

“იაპონიის ავიახაზების” 42 წლის პილოტი 28 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც შესაბამისი(ჩასუნთქვის) ტესტირება ვერ გაიარა. მას 100 მლ სისხლში 189 მილიგრამი ალკოჰოლი აღმოაჩნდა, მაშინ როცა პილოტების დასაშვები დოზა მხოლოდ 20 მილიგრამია.

როგორც BBC იაპონურ მედიაზე დაყრდნობით წერს, პოლიციას ეკიპაჟის ავტობუსის მძღოლმა მიმართა, რომელმაც პილოტისაგან  “ალკოჰოლის სუნი იგრძნო”. ეკიპაჟს რეისი ტოკიოს მიმართულებით უნდა შეესრულებინა, თუმცა ჩასხდომის დაწყებამდე 50 წუთით ადრე პილოტმა ტესტირება ჩააგდო.

“იაპონიის ავიახაზებმა” ბოდიში უკვე მოიხადა და ყველა ზომის მიღების პირობა დადო, რათა მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

პილოტი ამ დრომდე დაკავებულია. მის საქმეს აილვორსის სამეფო სასამართლოში 29 ნოემბერს განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი