ახალი ამბები

პრემიერი: ვინ გითხრათ, რომ მარგველაშვილს არ ველაპარაკები?

9 მაისი, 2014 • • 1140
პრემიერი: ვინ გითხრათ, რომ მარგველაშვილს არ ველაპარაკები?

“მე მინდა გითხრათ, რომ ბატონი გიორგი არის მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და მან შესაძლოა ჩათვალა, რომ არ არის საჭირო წარმოდგენილი იყოს დღეს ამ დარბაზში. აბსოლუტურად ნორმალურია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა გადაცემა “რეაქციაში”, რომელიც წინასაარჩევნო თემატიკას, კერძოდ კი, მმართველი გუნდის ლიდერებისა და პროგრამის პრეზენტაციას მიეძღვნა.

 

ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობა დაიძაბა, თავდაპირველად მიმდინარე წლის  თებერვალში გაჩნდა, როდესაც გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა და ამ ღონისძიებას არათუ პრემიერი, არამედ არც ერთი მინისტრი არ დასწრებია.

 

epa03933371 Georgian Interior Minister Irakli Garibashvili (L), Prime Minister Bidzina Ivanishvili (R) and new president-elect Giorgi Margvelashvili (C) smile during a news conference in Tbilisi, Georgia, 02 November 2013. Irakli Garibashvili has been nominated as next Prime Minister of Georgia to replace Bidzina Ivanishvili, who will step down this later this month.  EPA/ZURAB KURTSIKIDZE
epa03933371 Georgian Interior Minister Irakli Garibashvili (L), Prime Minister Bidzina Ivanishvili (R) and new president-elect Giorgi Margvelashvili (C) smile during a news conference in Tbilisi, Georgia, 02 November 2013. Irakli Garibashvili has been nominated as next Prime Minister of Georgia to replace Bidzina Ivanishvili, who will step down this later this month. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

 

უკვე მარტის თვიდან კი გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო კაბინეტები ერთ შენობაში, მთავრობის კანცელარიაში აღარ მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილი თავიდან უარს აცხადებდა, საბოლოოდ მაინც გადავიდა ავლაბრის რეზიდენციაში.

18 მარტს კი ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილით იმედგაცრუებულია, ხოლო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობით კმაყოფილია. ივანიშვილმა მარგველაშვილი რამდენიმე საკითხის გამო გააკრიტიკა.

ასეთივე ღია კრიტიკა პრეზიდენტისადმი არ გამოუთქვამს მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა არც ერთ საჯარო ოფიციალურ ღონისძიებაში არ მონაწილეობენ ერთად.

ისინი ერთად არც საეკლესიო დღესასწაულებზე ჩნდებიან. მაგალითად, შობის დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები სამების საკათედრო ტაძარში შეხვდნენ, ხოლო პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მარგველაშვილმა ეს დღე ოჯახთან ერთად გაატარა.

სამებაში იმყოფებოდა პრემიერი აღდგომის დღესასწაულზეც, ხოლო მარგველაშვილი აღდგომას დუშეთში,  წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა.

პრემიერსა და პრეზიდენტს შორის გარკვეულ შეუთანხმებლობაზე ერთი ფაქტიც მიანიშნებს- მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან გაჩნდა ვერსია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას პრემიერმა უნდა მოაწეროს ხელი, როდესაც საქართველლოს კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაურად პრეზიდენტი რჩება, ის არის სახელმწიფოს წარმომადეგნელი საერთაშორისო ურთიერთობებში და უფლებამოსილია ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

ამას გარდა, პრემიერმა 2014 წლის იანვარში ჩამოაყალიბა უსაფრთხოების საბჭო, მაშინ, როდესაც უკვე არსებობდა და დღემდე არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტთან უშიშროების საბჭო.

ამის მიუხედავად, რაიმე ტიპის დაპირისპირების არსებობაზე საჯარო განცხადებები ჯერ არც პრეზიდენტს გაუკეთებია და არც პრემიერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი