ახალი ამბები

ხუდონჰესის პრობლემური საკითხები სახალხო დამცველის ანგარიშში

31 მარტი, 2014 • • 1658
ხუდონჰესის პრობლემური საკითხები სახალხო დამცველის ანგარიშში

 

ომბუდსმენი ხუდონჰესის თაობაზე მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზის შედგად ასკვნის, რომ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული, ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ნებართვების მიღების პროცედურა ინვესტორისათვის მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც შეიძლება ინვესტორს უარი ეთქვას ამა თუ იმ ნებართვის გაცემაზე:

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხუდონჰესის მშენებლობის საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომელიც მომდინარეობს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებიდან. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მსგავსი მასშტაბის და შინაარსის პროექტების განხორცილებისას არსებითი მნიშვნელობისაა გარემოზე ზემოქმედების შედეგების შესწავლა და ანალიზი, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და გარემო პირობებზე. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის პირველადი შედეგებით, ამ პროცესის მიმართ რჩება ლეგიტიმური კითხვები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების ჩართულობა სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაგვიანებული იყო. 2007 წლის 29 ივნისს საქართველოს მთავრობასა და კომპანია Continental Energy LTD-ს შორის მდინარე ენგურზე „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი სქემით „მშენებლობა-ფლობა-ექსპლუატაცია“, რომლის მიხედვითაც, მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს 702 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური”,  – ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ჰიდროელექტროსადგურის (2 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) განთავსება ექვემდებარება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. ამასთან, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აუცილებელია მშენებლობის ნებართვა.

“მოქმედი კანონმდებლობა ნებართვის გამცემ ორგანოს უფლებას აძლევს გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც ნებართვის გაცემაზე, ასევე, ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული, არსებული და ძველი წესის შესაბამისად, ინვესტორი, გარემოზე ზემოქმედების შესახებ ნებართვის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად, მხოლოდ ამა თუ იმ ელექტროსადგურის აშენების თაობაზე სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ არის ვალდებული მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შესახებ ანგარიში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ჩანაწერიც, რომლის თანახმად, „მთავრობა“ დაეხმარება „პროექტის შემსრულებლ კომპანიას“ შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში.

 

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ „კომპანია“ განაცხადს გააკეთებს ნებართვაზე/ლიცენზიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ ნებართვა/ლიცენზია არ გაიცემა სახელმწიფო უწყებების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია „პროექტის შემსრულებელ კომპანიას“/„კომპანიას“ მისცეს დამატებითი დრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის 28 აპრილის ხელშეკრულება არ არეგულირებს შემთხვევას, როდესაც პროექტის შემსრულებელი კომპანია ვერ მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნებართვებს ხელშეკრულების მხარეთა მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების მიუხედავად. პირიქით, მოცემულ შემთხვევაში, მთავრობა ვალდებულია, რომ მას მისცეს ვადა, რათა საჭირო ნებართვები ინვესტორმა აუცილებლად მიიღოს.

 

უნდა აღინიშნოს დასახელებულ ხელშეკრულებაში 2013 წლის 28 მაისს შეტანილი ცვლილებებიც , რომელთა თანახმად, გარემოზე ზემოქმედების ნებართვისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მხარეები გადახედავენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს. თუმცა, იმავე ხელშეკრულების მიხედვით, მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, არ გაუკეთოს ინიცირება და არ დაამტკიცოს ისეთი პროექტები, რომელიც, ინვესტორის აზრით, უარყოფით გავლენას იქონიებს ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებზე. ზემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო ნორმებისა და ხუდონჰესის თაობაზე მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული, ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ნებართვების მიღების პროცედურა ამ შემთხვევაში ინვესტორისათვის მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც შეიძლება ინვესტორს უარი ეთქვას ამა თუ იმ ნებართვის გაცემაზე. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჰესის მშენებლობისათვის საჭირო გადაწყვეტილების მიღების პროცედურა აზრს უკარგავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, თავდაპირველად ფორმდება მემორანდუმი სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ჰესის მშენებლობის შესახებ, რითაც მთავრობა იღებს ვალდებულებას კერძო კომპანიის წინაშე და მხოლოდ ამის შემდეგ მოწმდება კონკრეტული პროექტის ზეგავლენა ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესები და ადამიანის ჯანმრთელობა, ბუნებრივი გარემო, ასევე, კულტურული და მატერიალური ფასეულობები”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ომბუდსმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი ნებართვა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები (პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი) აკეთებენ საჯარო განცხადებებს ხუდონჰესის აშენების გარდაუვალობის შესახებ.

“აღნიშნული კიდევ უფრო გაუგებარია იმ ფონზე, როცა 2014 წლის 1 მარტის მდგომარეობითაც ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვის მისაღებად სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით განცხადებაც კი არ არის შეტანილი. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება შეიძლება შეფასდეს, როგორც ზეწოლა გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოზე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ცალსახაა, რომ ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომლის კომპეტენციაშიც შედის ამა თუ იმ ნებართვის გაცემა. შესაბამისად, ნებართვის გამცემმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების (საჭიროების და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის (წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახით) კომპეტენციაში არ შედის ინვესტორისათვის ნებართვის მისაღებად საჭირო კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორი იქნება თუ დავასკვნით, რომ ცნება „საზოგადოების მონაწილეობა“ ცდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ვიწრო კონტექსტს და ფართო გაგებით იგი მოიცავს სახელმწიფოთა ზოგად საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას. გარდა ამისა, გონივრული იქნება თუ მივიჩნევთ, რომ გარემოს საკითხებში საზოგადოების მონაწილეობის მოთხოვნა აღიარებულ ადამიანის უფლებას შეესაბამება”, – ამბობს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი