გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით ინტერპოლი საქართველოს მოქალაქეს ეძებს

პოლონეთის პოლიციის მოთხოვნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. პოლონეთის პოლიციის განცხადებით, 39 წლის მ. ხ. 28 წლის ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია.

ახალგაზრდა ქალის გვამი პოლონეთის ქალაქ ლოძის ტბაში იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილს ყელის არეში სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლონეთი 21 ოქტომბერს დატოვა, უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ამჟამად, სავარაუდოდ, საქართველოში იმყოფება.

ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ:

საქართველოს მოქალაქე მ. ხ-ზე წითელი ცირკულარით ძებნა პოლონეთის ინტერპოლმა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ზოგადი ინფორმაცია განთავსებული არის ინტერპოლის ვებგვერდზე, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის. დამატებითი ინფორმაცია ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ არის დაცული და  ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის ინიციატორი არის პოლონეთი, ქართული მხარე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს”, – ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.