ახალი ამბები

სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვამ არა მარტო კარგი, არამედ ბრწყინვალე შედეგი აჩვენა

8 მაისი, 2014 •
სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვამ არა მარტო კარგი, არამედ ბრწყინვალე შედეგი აჩვენა

“მრავალი რეფორმიდან, რომელიც მთავრობამ ჩაატარა წინა წლის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა იყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გადასვლა საყოველთაო ჯანდაცვაზე. ასეთი მასშტაბური პროექტი მოითხოვს საჭიროებების თავიდან შეფასებას, ხოლო გარკვეულ ეტაპზე მისი მოქმედების ეფექტურობის შეფასებას. დღევანდელი შედეგები ცალსახად წარმატებულია”, – აღნიშნა მინისტრმა.

 

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთი წლის შედეგების შეფასება და ანალიზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, USAID-სა და მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მიმდინარე წლის თებერვალ-აპრილში განახორციელეს. პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.

 

გამოკითხვის თანახმად საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეების 96.4% კმაყოფილია ან ძალიან კმაყოფილია ჰოსპიტალური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით, ხოლო 80.3% კმაყოფილებას გამოთქვამს გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებასთან დაკავშირებით.

 

გამოკითხული ადამიანები მიიჩნევენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველაზე დადებითი მხარე მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერაა, ხოლო ყველაზე დიდი უკმაყოფილება სასურველი მომსახურების მიღებამდე ლოდინის პერიოდის ხანგრძლივობის გამო გამოთქვეს.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სალომე ჯაში ამბობს, რომ მომდევნო ეტაპზე სამინისტროს რამდენიმე გამოწვევა აქვს:

 

“შემდგომ ეტაპზე აქცენტი უნდა გაკეთდეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, როდესაც მოსახლეობას ჰკითხეს, როგორ წარმოუდგენიათ შემდგომი განვითარება, მათმა უმეტესობამ ძირითადად მედიკამენტების კომპონენტი დაასახელა. ასევე მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს თავად ადამიანების ინფორმირებულობა, რათა მათ იცოდნენ, რა მომსახურების მიღება შეუძლიათ”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთი წლის შედეგების შეფასებას ესწრებოდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც:

 

“ძნელია სიამაყის გარეშე მოისმინო ის შედეგები, რაც დღეს მოვისმინეთ. გამოკითხულთა 80%-ზე მეტი დადებითად აფასებს საყოველთაო ჯანდაცვის შედეგებს. ჩვენ კიდევ ბევრი შრომა გვაქვს გასაწევი და დასამალი არ არის, რომ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის არ იყო ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ხშირად ოჯახები მკურნალობისთვის ან ოპერაციისთვის იძულებული იყვნენ აეღოთ სესხი ან გაეყოდათ სახლი, ამიტომ ადამიანები უკიდურეს შემთხვევაში აკითხავდნენ სამედიცინო დაწესებულებას, რასაც კიდევ უფრო მძიმე შედეგი ჰქონდა. ჩვენ მიზნად დავისახეთ და მოსახლეობას დავპირდით, რომ არც ერთ მოქალაქეს არ დავტოვებდით ბედის ანაბარა და ეს ჩვენ შევასრულეთ, თუმცა ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით”, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგების შეჯამება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგების შეჯამება

მასალების გადაბეჭდვის წესი