ნეტგაზეთი | პროკურატურის ახალი დეპარტამენტი “სამართლიანობის აღსადგენად” პროკურატურის ახალი დეპარტამენტი “სამართლიანობის აღსადგენად” – Netgazeti

პროკურატურის ახალი დეპარტამენტი “სამართლიანობის აღსადგენად”

პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრამდე საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოძიოს, ხელისუფლების წარმომადგენლები სამართლიანობის აღდგენის აქტად აფასებენ.

“სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულებაზე” ღარიბაშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს საუბრობდა. ახლა ის ამბობს, რომ მთავრობას ამ მიმართულებით მუშაობა არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია და დღეს უკვე არსებობს ახალი სტრუქტურა მთავარ პროკურატურაში, რომელიც მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საქმეს უნდა მოემსახუროს.

 

პროკურატურის ახალ დეპარტამენტს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი ბადაშვილი. ფოტო - მთავრი პროკურატურის Facebook გვერდიდან 04.03.2015
ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი ბადაშვილი. ფოტო – მთავრი პროკურატურის Facebook გვერდიდან 04.03.2015

რას გამოიძიებს პროკურატურის ახალი დეპარტამენტი?

 

ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ დეპარტამენტი პირველ რიგში ორიენტირებული იქნება 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. კერძოდ, დეპარტამენტი გამოიძიებს ძალადობის ფაქტებს (რაც წამების და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებსაც მოიცავს), ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს და ა.შ.

 

მისი განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე მთავარ პროკურატურაში 52 530 საჩივარ–განცხადება შევიდა. მათ შორის 10 379 განცხადება – გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

 

თუმცა ამ განცხადებებს შორის დეპარტამენტი მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს და ქონების ჩამორთმევის ფაქტებს შეისწავლის. ეს, ჯამში, 4 192 განცხადებაა.

 

“697 საჩივარ– განცხადებაში ქონების ჩამორთმევის ფაქტზე მოითხოვდნენ დაზარალებულები გამოძიების დაწყებას. სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დანაშეულებრივი გარემოებების ფაქტებს აღწერდნენ და მიუთითებდნენ 3 495 საჩივარ–განცხადებაში,”- ამბობს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

ნადარეიშვილის თქმით, ყველა სხვა კატეგორიის დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შემოსულია 6 187 საჩივარ–განცხადება, რაც მიმდინარე სამართლებრივ საკითხებს ეხება, როგორიც არის ქურდობა, თაღლითობა და ა.შ.

ირაკლი ნადარეიშვილი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციისას. ფოტო - ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდიდან 04.03.2015
ირაკლი ნადარეიშვილი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციისას. ფოტო – ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდიდან 04.03.2015

საჯარო მოხელეთა რა დანაშაულებები გამოიძია პროკურატურამ ამ დრომდე?

 

როგორც პროკურატურა აცხადებს, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის, ამ დროიდან დღემდე,  სისხლის სამართლებრივი დევნა 367 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო.

 

ნადარეიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ  დევნა 367 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო,  ამ 2 წლის მანძილზე 1000–ზე მეტი დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიძიეს, რადგანაც ხშირ შემთხვევებში ერთი და იგივე პირი ან პირთა ჯგუფი არაერთ დანაშაულს ჩადიოდა.


“2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაული ძირითადად ატარებდა ორგანიზებულ ხასიათს. ჩადენილი იყო ჯგუფურად, ხშირ შემთხვევაში ზემდგომი თანამდებობის პირების უშუალო კონტროლქვეშ და ცალკეულ შემთხვევებში, უშუალო მონაწილეობითაც კი.”

 

ნადარეიშვილი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულები ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა, რაც პატიმართა ცემას, წამებას, არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას აერთიანებდა. მისი თქმით, ასეულობით პატიმრის მიერ შემოტანილი საჩივარ-განცხადებების განხილვის შემდეგ მრავალეპიზოდიან დანაშაულებში 60 პირის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

 

გარდა ამისა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო  სამართალდამცავ სისტემაში დასაქმებულ 127 და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და სსიპ-ებში დასაქმებულ 92 საჯარო მოხელის მიმართ.

 

“სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის, იმჟამინდელი შს მინისტრისა და მისი მოადგილეების, თავდაცვის 2 მინისტრის და მოადგილის, იუსტიციის მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის, თბილისის მერის, ფინანსთა მინისტრის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საქვეუწყებო დაწესებულების ათეული ხელმძღვანელი პირის მიმართ,“- ამბობს ნადარეიშვილი.

 

დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, მოცემული დროისთვის, 367 საჯარო მოხელის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში გამამტყუნებელი განაჩენი 147 პირის მიმართ არის გამოტანილი, გამამართლებელი განაჩენი – 29 პირის მიმართ, ხოლო 13 პირზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის განრიდება მოხდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი