მძიმე იყო ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტების დანახვა, რაც მედიით გავრცელდა – მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 29 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ჟურნალისტებთან საუბარში მან ახსენა, რომ მისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მედიის მიერ გაზიარებული ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები ემოციურად მძიმე იყო.

აღნიშნული განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა პრეზიდენტს მიმართა, სავარაუდო დარღვევებზე თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა.

“მე არჩევნების ამ შედეგს ველოდი. თუმცა ჩემთვის ემოციურად ძალიან მძიმეა იმის დანახვა, რომ იყო შემთხვევები, რომელიც გააზიარა მედიამ –  ამომრჩევლის მოსყიდვის. ემოცირად ყველაზე მძიმე ეს არის. როდესაც ამომრჩეველი ყველაზე წმინდას, რაც მას, როგორც მოქალაქეს აქვს, ანუ თავის ხმას ყიდის… ამით მე კიდევ ერთხელ ვხედავ, როგორ უჭირს ჩვენს მოსახლეობას, რა მძიმე ეკონომური ფონი აქვს და რა მძიმე ვითარებაში არის,” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

გარდა ამისა, მარგველაშვილმა თავის განცხადებაში მეორე ტურის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსახლეობის აქტიურობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

“მინდა აღვნიშნო, რომ იმ ხარვეზებს, რაზეც მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება და გამოსწორდეს. ეს უნდა მოხდეს არა როდესმე, არა მომავალ არჩევნებზე, არამედ მეორე ტურში,” – განმარტავს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, მოქალაქეების მეორე ტურში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის, ვინაიდან ამომრჩეველს უნდა გაუღრმავდეს განცდა, რომ მას ხელისუფლების ცვლილების მანდატი აქვს.

“ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი და თქვენ ამას გრძნობთ. არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის დაფიქსიერება. მინდა გავიმეორო ის, რასაც აქამდეც ვუსვამდი ხაზს, ეს არის თხოვნა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის და მოლოდინი ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ – ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე მოცულობით, იგივე ინტენსივობითა და სკრუპულოზობით იყოს სადამკვირვებლო მისიები წარმოდგენილი მეორე ტურის დროს,” – ამბობს მარგველაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას შეცვლიდა არჩევნებში მისი მონაწილეობა, მარგველაშვილი განმარტავს, რომ ის პოლიტიკურ კომენტარს არ გააკეთებს და მისი მონაწილეობის შესახებ მხოლოდ ჰიპოთეტურად იმსჯელებს.

“ჩემს შემთხვევაში, 2013 წელს ქართული ოცნების მხარდაჭერით, ნახევარი ფინანსური რესურსით, იმ ფონზე, რომ პრეზიდენტი იყო სააკაშვილი და არაერთი რაიონული სტრუქტურა ჩვენ არ გვეკუთვნოდა… არა, როგორც ახლა. ჩვენ დავდეთ შედეგი, რომელიც ყველასთვის ცნობილია – 62%. ეს არის ფაქტობრივი პასუხი, რა იქნებოდა, დანარჩენი ჰიპოთეტურია,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სამგორში ამომრჩეველის შესაძლო მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა – საია

TI აცხადებს, რომ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი გამოავლინა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან