ახალი ამბები

სამგორში ამომრჩეველის შესაძლო მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა – საია

28 ოქტომბერი, 2018 • 1062
სამგორში ამომრჩეველის შესაძლო მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის  შემთხვევა თბილისში, სამგორის რაიონში დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სამგორში, #56-ე საარჩევნო უბანთან კოორდინატორები იმყოფებიან, რომლებიც სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას.

“საია-ს დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ხმის მიცემის შემდგომ, უბნიდან გასული ამომრჩეველი მივიდა კოორდინატორებთან და აჩვენა მობილური ტელეფონი (სავარაუდოდ, ტელეფონში არსებული ფოტო), რის შემდგომ მას კოორდინატორმა სავარაუდოდ თანხა გადასცა. აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებს”,-განაცხადა სულხან სალაძემ.

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შემთხვევა მოხდა ბორჯომში #10 საარჩევნო უბანზე. საიას ინფორმაციით, მათმა დამკვირვებელმა დაინახა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისათვის, სავარაუდოდ, თანხის გადაცემის ფაქტი.

“საიას დამკვირვებელმა გაიგონა, როგორ უთხრა “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა მოქალაქეს, რომ ამ თანხით ლუდი ეყიდა მისთვის,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტად აფასებს ორგანიზაცია ვაკის #10 უბანთან არსებულ ვითარებას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საარჩევნო უბანთან დილიდან დგას ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომელსაც უბნიდან გასული ამომრჩეველი აკითხავს.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებს თბილისსა და ქვეყნის 9 რეგიონში აკვირდება. საპრეზიდენტო არჩევნებზე საიას 400 დამკვირვებლი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი