ახალი ამბები

არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, თუმცა იყო დარღვევები – საერთაშორისო დამკვირვებლები

29 ოქტომბერი, 2018 • 1521
არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, თუმცა იყო დარღვევები – საერთაშორისო დამკვირვებლები

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების განცხადებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იყო კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული, კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წარემართათ თავისუფალი წინასაარჩევნო კამპანია და ამომრჩევლებს ჰქონდათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, იყო ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენებისა და სახელისუფლებო პარტიის მაღალი რანგის საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შემთხვევები, რაც კანონს ყოველთვის არ შეესაბამებოდა.

როგორც ეუთოს (OSCE), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PACE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) ერთობლივ წინასწარ მოხსენებაში არის ნათქვამი, შემოწირულობების მნიშვნელოვანმა დისბალანსმა და მეტისმეტად მაღალმა დანახარჯების ლიმიტმა, ხელი შეუწყო შემდგომი არათანაბარი საასპარეზო მოედნის არსებობას.

სადამკვირვებლო მისიებმა შეშფოთება გამოთქვეს სახელისუფლებო პარტიის მიერ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვების გამო. ასევე, ყურადღება გამახვილდა ყალბ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე.

“ბევრი დაინტერესებული მხარე აღნიშნავდა, რომ მმართველი პარტია კოორდინატორთა მექანიზმს ეყრდნობა, რომლის მეშვეობითაც კენჭისყრის დღემდე გროვდება ამომრჩეველთა პირადი მონაცემები და შესაბამისად დგება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მომხრეთა სავარაუდო სია. „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი ღიად საუბრობს ამ პრაქტიკაზე. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ (ODIHR EOM) სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მსგავსი სიების წარმოდენას საჯარო უწყებების მოხელეებსაც სთხოვენ.
ამომჩეველთა ხმის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ზეწოლის მსგავსი შემთხვევები შეშფოთების საგანია, რადგან საჯარო სექტორში დასაქმებულებს დასჯის შიშის გამო ეზღუდებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა”, – ნათქვამია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ დასკვნაში.

მისიების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის გამო.

ამასთან, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მეორე ტურში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი