ახალი ამბები

შსს–ს გენინსპექციის უფროსად ირაკლი სამყურაშვილი დაინიშნა

7 მაისი, 2014 • • 3732
შსს–ს გენინსპექციის უფროსად ირაკლი სამყურაშვილი დაინიშნა

ირაკლი სამყურაშვილი 35 წლისაა, ის 2000 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

 

მათ შორის, 2003-2004 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო 2004-2005 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.

 

2006 წლიდან ის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2013 წლიდან კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა სამუშაოდ. შსს–ს გენინსპექციის უფროსის თანამდებობის დაკავებამდე გენინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის მოადგილე იყო.

 

თანამდებობის პირის ქომებრივი დეკლარაციის თანახმად, ირაკლი სამყურაშვილს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

მისი მეუღლე, თამარ დარჩია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

 

ირაკლი სამყურაშვილი ფლობს 2100კვ.მ მიწის ნაკვეთს კიკეთში, მის მეუღლეზე, თამარ დარჩიაზეა გაფორმებული ბინა (51.20კვ.მ) და საცხოვრებელი სახლი (38.80 კვ.მ) თბილისში, გორგასლის ქუჩაზე.


ქონებრივ დეკლარაციაში ირაკლი სამყურაშვილს ასევე მითითებული აქვს მისი და მისი ცოლის ავტომობილები, HYUNDAI TUCSON 2008 და MITSUBISHI AIRTREK 2002. ასევე მამაკაცის ოქროს სამაჯური, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება.


“თი ბი სი” ბანკში ირაკლი სამყურაშვილს ანაბარზე აქვს 4 275 ევრო და 11 470 ამერიკული დოლარი, ხოლო მის ცოლს ამავე ბანკში ანაბარზე აქვს 15 375 ამერიკული დოლარი და 6 376 ლარი.


 

შეგახსენებთ, რომ შსს–ს გენინსპექციის თანამდებობა ირაკლი სამყურაშვილის წინამორბედმა, ზვიად ჯანყარაშვილმა განცხადების საფუძველზე დატოვა, რომელშიც ვკითხულობთ:

 

” არ მინდა ჩემმა ყოფნამ ამ თანამდებობაზე გამოიწვიოს უხერხულობა, საზოგადოებაში დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა, ადგილი ჰქონდეს ხელახალ სპეკულაციებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ნათესაობის თემაზე და ამით ხელი შეეშალოს იმ დიდ საქმეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უდგას სათავეში ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ.” 

 

ზვიად ჯანყარაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია.

 

ირაკლი სამყურაშვილი
ირაკლი სამყურაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი