ახალი ამბები

ISFED: კენჭისყრის პროცესმა, უმეტესწილად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა

29 ოქტომბერი, 2018 • 2217
ISFED: კენჭისყრის პროცესმა, უმეტესწილად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა

“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა უმეტესწილად ჩაიარა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე.

ამის მიუხედავად,  სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 900-ზე მეტი დამკვირვებლით იყო წარმოდგენილი, აცხადებს, რომ დაფისქირდა სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები:

[checklist]

  • დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა;
  • მარკირების პროცედურის დარღვევა;
  • ბიულეტენებთან დაკავშირებული პრიცედურების დარღვევები;
  • არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის ცალკეული შემთხვევები; არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის შემთხვევები;
  • ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული ხარვეზები;
  • სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, აგიტაცია საარჩევნო უბანზე და სხვა დარღვევები.
  • ასევე დაფიქსირდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამონაკლისი შემთხვევა.

[/checklist]
“სამართლიანი არჩევნები” კენჭისყრის დღის შეფასებაში ყურადღებას ამახვილებს ე.წ. კოორდინატორებზე და მიაჩნია, რომ “პარტიული აქტივისტების საარჩევნო უბნების მიმდებარედ მობილიზება და მათი მხრიდან ამომრჩევლების სიებში აღრიცხვა, შესაძლოა, ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც მათზე განხორციელებული ირიბი ზეწოლა”.

ISFED აცხადებს, რომ ამ მეთოდს ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყენებდნენ, თუმცა რამდენიმე ოლქში დაფიქსირდა მსგავსი ქმედებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მხრიდანაც. მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მმართველი პარტიის აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები. ცალკეულ უბნებზე მსგავსი მეთოდებით მოქმედებდნენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწმობის მქონე პირებიც.


„სამართლიანი არჩევნების“  ცნობით, ორგანიზაციამ 61 საჩივარი შეიტანა საუბნო კომისიებში, ხოლო 62- საოლქო საარჩევნო კომისიებში.


ISFED-ის დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით:


საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად არ განსხვავდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემთან (98%).

საარჩევნო უბნების 97.1%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც წარმოადგენს გაუმჯობესებას 2013 წლის არჩევნებთან მონაცემთან (94.4%) შედარებით.

საარჩევნო უბნების 99.1%-ზე ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით. ეს მონაცემი იგივეა, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო (99.1%) მონაცემები.

საარჩევნო უბნების 98.6%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2013 წლის არჩევნებთან შედარებით, როდესაც მარკირება შემოწმდა უბნების 97.4%-ზე.

საარჩევნო უბნების 98.6%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო. ეს მაჩვენებელი მცირედ გაუმჯობესებულია 2013 წლის არჩევნების მონაცემთან (96.4%) შედარებით.

საარჩევნო უბნების 0.8%-ზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის ან ზეწოლა-მუქარის ფაქტები

დარღვევები

17:00 საათის შემდგომ „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა:

#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #93 საარჩევნო უბანზე კომისიის მდივანმა დამკვირვებელს არ მისცა საჩივრის დარეგისტრირების საშუალება.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა:

#38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, მიუხედავად თავმჯდომარის მითითებისა, ბიულეტენი კაბინის გარეთ შემოხაზა.

აგიტაცია უბანზე:

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის დამკვირვებელი ახორციელებდა აგიტაციას და მოუწოდებდა ამომრჩევლებს ხმა მიეცათ „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის.

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #91 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი აკეთებდა პოლიტიკური შინაარსის კომენტარებს.

ბიულეტენთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა:

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #91 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე მოათავსა ბიულეტენი ყუთში.

#37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მიერ ხელმოწერების გადათვლის შემდეგ ერთი ბიულეტენით მეტი აღმოჩნდა გაცემული.

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #102 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ერთით მეტი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე.

#83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის #37 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 41-მა ამომრჩეველმა, ხოლო გადასატანი ყუთის კომისიის წევრებს გადაცემულ ჰქონდათ 50 ბიულეტენი. ხმის მიცემის დასრულების შემდგომ, გადასატან საარჩევნო ყუთთან ერთად უბანზე ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა ნაცვლად 9 ბიულეტენისა დააბრუნეს ერთით ნაკლები ბიულეტენი – 8 ბიულეტენი.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

#52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #6 და #25 საარჩევნო უბნებზე არცერთი რეგისტრატორის სამაგიდო სიაში არ იყო მითითებული, რომელი ამომრჩევლები აძლევდნენ ხმას გადასატანი ყუთით.

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #86 საარჩევნო უბანზე კომისიის მდივანმა მონაცემები გადაასწორა სადემონსტრაციო ოქმში. 

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბაზე მისულ ამომრჩეველს მისი გრაფის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა.

#8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრებმა გადასატანი ყუთის სიასთან ერთად წაიღეს სპეციალური სიაც, რაც გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ გამოვლინდა.

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბაზე გადასატანი ყუთის გამყოლმა კომისიის წევრმა გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ამომრჩევლის ნაცვლად ხმა მიაცემინა სიაში მყოფი პირის ოჯახის წევრს.

#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #93 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს თავისი ხელმოწერა გამორჩა სიაში.

საარჩევნო კომისიისთვის ხელის შეშლა:

სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ კონსტანტინე იოსელიანს შორის, რომელიც, რამდენიმე პირთან ერთად, იღებდა ოლქში მიმდინარე პროცესს. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან არ წარმოადგინეს აკრედიტაციები. მათი ოლქში მოსვლის შემდეგ კომისიის თავმჯდომარესა და კონსტანტინე იოსელიანს შორის შელაპარაკება კომისიის შენობის დერეფანში დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული პირები საოლქო კომისიის შენობიდან გააძევა, თუმცა „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი ვაკის საოლქო კომისიაში, დავით ნებიერიძე თავმჯდომარის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა, რის გამოც თავმჯდომარემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც ნებიერიძე ოლქიდან გაიყვანა.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 800-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან.

ISFED პარალელური დათვლის შდეგებს 29 ოქტომბერს, 10.00 საათზე გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი