ახალი ამბები

PHR: საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგი ხარვეზებით წარიმართა

6 მაისი, 2014 • • 2320
PHR: საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგი ხარვეზებით წარიმართა

ჯანდაცვის სამინისტრომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ორი ბავშვთა სახლის მონიტორინგი განახორციელა, ესენია – ნინოწმინდაში არსებული წმ. ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი და ბათუმის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდი.

 

როგორც PHR-ის წარმომადგენლები განმარტავენ, პრობლემატურია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში არ კონტროლდება აღსაზრდელების ჩარიცხვა–გადინების სისტემა, რაც ტრეფიკინგის საფრთხეს ზრდის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბათუმის ბავშვთა სახლში ბავშვების დატოვების ერთადერთი საფუძველი მშობელს/მეურვესა და ფონდს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებაა. ბავშვთა კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად კი, ბავშვების ამ დაწესებულებებში განთავსება შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებითა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა ხდებოდეს. შესაბამისად, PHR-ში მიიჩნევენ, რომ ამ დაწესებულებებში ბავშვები უკანონოდ და ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით იმყოფებიან.

 

რაც შეეხება წმ. ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მომზადებული ანგარიშის მიხედვით, “აქ წარმოებს აღსაზრდელთა დაწესებულებაში მოთავსების აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც ნაწილობრივ ფიქსირდება მომსახურებიდან გასვლის შემთხვევების წერილობითი აღრიცხვა”.

 

PHR-ში განმარტავენ, რომ ეს იწვევს შეშფოთებას, რადგან უცნობია, თუ სად იმყოფებიან ის ბავშვები, რომელთა დაწესებულებიდან გასვლაც არსადაა აღწერილი. ანა აბაშიძის თქმით, ბავშვთა გაუკონტროლებელი გადინება/ჩარიცხვა ტრეფიკინგის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, პროკურატურას, აწარმოოს გამოძიება ბავშვების ჩარიცხვა–გადინების ფაქტზე და დაწესებულებიდან წასული აღსაზრდელების ადგილმდებარეობაზე.

 

ამას გარდა, ორგანიზაციამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ბავშვთა სახლებში დისკრიმინაციის ფაქტების არასრულყოფილ მონიტორინგზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებულ მონიტორინგის ანგარიშში საუბარია აღნიშნულ დაწესებულებებში დისკრიმინაციის არარსებობაზე, გარემო რეალურად არაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე – ისინი ვერ იღებენ ინდივიდუალურად მათზე მორგებულ განათლებას, სამედიცინო სერვისებსა თუ რეაბილიტაციას.

 

ჯანდაცვის სამინისტრომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა სახლების მონიტორინგი 2014 წლის თებერვლიდან დაიწყო, რასაც წინ უძღოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის (DRI) მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც “საპატრიარქოს ბავშვთა თავშესაფრები საფრთხის შემცველია”. მონიტორინგში ჩართვის სურვილი გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი