ახალი ამბები

საიდან იცის “ოცნებამ”, რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები? – გვარამიას კითხვა და ცესკო-ს პასუხი

28 ოქტომბერი, 2018 • 1975
საიდან იცის “ოცნებამ”, რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები? – გვარამიას კითხვა და ცესკო-ს პასუხი

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მტკიცებით, “ქართულ ოცნებას” ხელი მიუწვდება კონფიდენციალურ ინფორმაციაზე კონკრეტულ უბნებზე მდგომ მთვლელებთან დაკავშირებით და ცდილობს, “ედისონ რისერჩს” ეგზიტპოლის დათვლაში ხელი შეუშალოს.

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა ჰქონოდა.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ “ქართულმა ოცნებამ” იცის უბნები, სადაც  მთვლელები დგანან და ცდილობენ, რომ ამ უბნებზე მაქსიმალურად მიიყვანონ თავიანთი წარმომადგენლები და ხელი შეუშალონ ეგზიტპოლის დათვლაში. ჯერ ერთი, გაყალბებას სისტემა ეგრევე აგდებს, თუ სპეციალურად იქნა ხალხი მიყვანილი.  ამას გარდა, კითხვას ვუსვამ თამარ ჟვანიას – ჩვენც კი არ ვიცით, რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები.  გასაიდუმლოებული ინფორმაციაა და მხოლოდ ცესკო-მ იცის იმიტომ, რომ მათთან შეთანხმება იყო საჭირო. საიდან იცის “ქართულმა ოცნებამ”, რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, რატომ იცის ეს?“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უპასუხეს:

“ედისონ რისერჩმა” 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის  ეგზიტპოლის ჩატარების შესახებ ცესკოს აცნობა და მიმართა თხოვნით, ყველა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული კვლევების შესახებ, რათა კომისიებს მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი ინტერვიუერებისთვის სამუშაოს შესრულების პროცესში. ცესკო-მ გაითვალისწინა კომპანიის თხოვნა და დროულად გაუგზავნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას. ეს ინფორმაცია მარტივად შეიძლება გადამოწმდეს უშუალოდ “ედისონ რისერჩთან”,  ვინაიდან აღნიშნული საინფორმაციო წერილის ასლი ასევე მიეწოდა ამ კომპანიას”, – განაცხადა ცესკო-ს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისი თქმით, “ედისონ რისერჩს” არასდროს, და არც პრეზიდენტის არჩევნების ეგზიტპოლებისთვის, არ მიუწოდებია ცესკოსთვის ინფორმაცია იმ შერჩეული უბნების შესახებ, სადაც  საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტარდება.

“შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რაც ასევე შესაძლებელია უშუალოდ  “ედისონ რისერჩმაც” დაადასტუროს”, – დასძინა მიქელაძემ.

კითხვაზე, საოლქო კომისიებიდან ხომ არ შეიძლებოდა გასულიყო ინფორმაცია, მიქელაძე პასუხობს:

“ინფორმაცია ცესკო-მ მიაწოდა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ მსგავსი ტიპის კვლევა ტარდებოდა. შესაბამისად, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია მიაწოდა აბსოლუტურად ყველა საუბნო საარჩევნო კომისიას, რათა  თუკი მათთან იქნებოდნენ ინტერვიუერები, მუშაობის შესრულების პროცესში ხელი შეეწყოთ”.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ “ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებს 20:00-დან 21:00 საათამდე გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი