ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა ძველი საარჩევნო ნომრის გარეშე

6 მაისი, 2014 • • 2760
ნაციონალური მოძრაობა ძველი საარჩევნო ნომრის გარეშე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების შემდეგ ხელისუფლება და სრულიად სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებულია, რათა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მაქსიმალურად შეზღუდულ და პრობლემატურ გარემოში მოუწიოს კამპანიის წარმართვა.

 

კამპანიის დასაწყისიდანვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არაერთ ხელის შეშლასა და ბარიერს აწყდება. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებზე ზეწოლის, მათი სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვებზე მუდმივი სიარულის და უკიდურესი ზომის, დაკავებების შესახებ საზოგადოება უკვე არაერთხელაა ინფორმირებული. სამწუხაროდ, ყოველივე ზემოაღნიშნულს კიდევ ერთი ახალი, განსაკუთრებულად პრობლემური ფაქტი შეემატა. ა.წ. 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემადგენლობაში გაერთიანებულია ენმ და „ქრისტიან- კონსერვატიული პარტია“, წერილობით მიმართა ცესკოს არჩევნებში რიგითი ნომრით- „5“ მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზეც უარი მიიღო.

 

მიზეზად ცესკო საარჩევნო კოდექსის იმ ნორმას მიუთითებს, რომლის მიხედვითაც აუცილებელია საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტია ღებულობდეს მონაწილეობას წინა საპარლამენტო არჩევნებში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ზუსტად იგივე ნომრები (საარჩევნო კოდექსის აღნიშნული მუხლი არ შეცვლილა, ცვლილებების განხორციელების შედეგად მხოლოდ მუხლის ნუმერაცია შეიცვალა) მიენიჭა სამ საარჩევნო ბლოკს:

 

1. „ალიანსი საქართველოსთვის“ ( 1. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“; 2. „ახალი მემარჯვენეები“; 3. ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“; 4. „საქართველოს გზა“);

 

2. „ეროვნული საბჭო“ (1.“საქართველოს კონსერვატიული პარტია“; 2. „ხალხის პარტია“; 3. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“);

 

3. „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ (1. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“; 2. „ჩვენ თვითონ“; 3. „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“).

 

ყველა ამ ბლოკის შემადგენლობაში შედიოდა მინიმუმ ერთი პარტია, რომელსაც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო ბლოკ „ქართულ ოცნებას“ ანალოგიურ მოთხოვნაზე ცესკომ უარი უთხრა, რაც იმ არგუმენტით იქნა ახსნილი, რომ საპარლამენტო არჩევნების და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ნომრის მინიჭების საკითხი კოდექსის სხვადახვა ნაწილებით და, შესაბამისად, სხვადასხვა მუხლით არის განსაზღვრული და ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია.


ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება 2012 წელი
ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება 2012 წელი

 

 

“სამწუხაროა, რომ ცესკომ ვერ გაუძლო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას და ვერ შეძლო პრინციპული და სამართლებრივად გამართლებული პოზიციის დაცვა. ენმ იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და ასაჩივრებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და შეწყვეტს თავის უკანონო ქმედებეს საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინააღმდეგ, ხოლო სასამართლო კი შეძლებს დადგეს პოლიტიკურ თამაშებისა და ზეწოლაზე მაღლა და მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება”,  – აცხადებენ პარტიაში.


ქრისტიან კონსერვატიულ პარტას, რომელთან ერთადაც ნაცმოძრაობას საარჩევნო ბლოკის შექმნა სურს, შოთა მალაშხია ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი