ახალი ამბები

კარუსელი, თუ ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა – “ევროპული საქართველოს” ბრალდება სადახლოში

28 ოქტომბერი, 2018 •
კარუსელი, თუ ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა – “ევროპული საქართველოს” ბრალდება სადახლოში

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი აცხადებს, რომ სადახლოში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მხრიდან ხმის მეორედ მიცემის მცდელობას, რაც აღკვეთეს. თუმცა ამ უბნის კომისიის თავმჯდომე ამბობს, რომ ამომრჩეველი პირველად იმყოფებოდა უბანზე.

შემთხვევა სადახლოში, 29- ე საარჩევნო უბანზე მოხდა.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ბესო დონაძე ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე შევიდა ამომრჩეველი, რომელსაც ხელში ეჭირა ბიულეტენი.

“იგი არის ადგილობრივი მაცხოვრებელი. მას ხელში ეჭირა ბიულეტენი, რომელიც ყუთში უნდა მოეთავსებინა და პარტიის წარმომადგენელმა იცნო ეს ადამიანი და აზერბაიჯანულად მიმართა, რომ თქვენ უკვე მიცემული გაქვთ და მეორედ რატომ შემოდიხარ უბანზეო. ეს საუბარი მოისმინა ყუთის ზედამხედველმა, რომელმაც ხელი დააფარა ყუთს, რომ მეორედ აღარ ჩაგდო. ამ ადამიანმა კონვერტი იქვე დააგდო, მაგიდაზე და სასწრაფოდ დატოვა უბანი. პარტიის წარმოამდგენელმა ეს ბიულეტენი გადახია და ჩავაბარეთ კომისიის მდივანს. შემოხაზული იყო 48”, – ამბობს ბესო დონაძე.

ამ უბნის საარჩენო კომისიის თავმჯდომარე აიაზ ხუდიევმა კი “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამომრჩეველი პირველად იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე.

ჯერჯერობით უცნობია, ამ ფაქტზე  რა რეაგირება მოხდება – ევროპული საქართველოს წარმომადგენლის თქმით, ადგილზე პოლიცია გამოძახეს. დამკვირვებლებს ამ უბანზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ, შესაბამისად, დაუდასტურებელია, კარუსელის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუ ამომრჩევლის ხმის უფლების შეზღუდვას.

კარუსელი, თუ ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა – “ევროპული საქართველოს” ბრალდება სადახლოში

კარუსელი, თუ ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა – “ევროპული საქართველოს” ბრალდება სადახლოში.

Posted by netgazeti.ge on Sunday, 28 October 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი