სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, ტყიბულში ,31-ე საარჩევნო უბნის გარეთ „ევროპული საქართველოსა“ და “ქართული ოცნების”  წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევას რამდენიმე საათის წინ ჰქონდა ადგილი.

“ტყიბულის საარჩევნო ოლქის #2,  #5, #29 და #31 საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც შენობის შიგნით, სადაც უბნებია განთავსებული, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, იმყოფებიან სალომე ზურაბიშვილის და „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც შედგენილი სიებით ამოწმებენ ამომრჩეველთა გამოცხადებას არჩევნებზე. ერთ-ერთ უბანზე იმყოფებოდნენ ასევე საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. მათსა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება,” – განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამი საათისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო კონტროლია. ბენიძე განმარტავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ე.წ კოორდინატორები არჩევნებზე მისულ  ამომრჩევლებს აღრიცხავენ.