ზუგდიდში, 94-ე უბნის კომისიის წევრი, რომელსაც ხმების გაყალბებაში ადანაშაულებენ, ბრალდებას უარყოფს.

აღნიშნულის შესახებ საჩივარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დამკვირვებელმა დაწერა. კომისიის წევრმა ელისო ფიფიამ, რომელსაც გაყალბებაში ადანაშაულებენ, ჯერ გვითხრა, რომ წნევა ჰქონდა და ვერ გვესაუბრებოდა. თუმცა იქვე დასძინა, რომ ბოდიში მისთვის აქვთ მოსახდელი. ამის შემდეგ მან თქვა, რომ ნამცხვრის რეცეპტი ეჭირა ხელში და დამკვირვებელმა “ერთმანეთისგან ვერ გაარჩია ბიულეტენი და რეცეპტი”.

TI-ის დამკვირვებელი ნინო გვილია კი ამბობს, რომ ფიფია ცრუობს. გვილიას თქმით, მან დაინახა, თუ როგორ ჩააგდო ფიფიამ რამდენიმე ბიულეტენი საარჩევნო ყუთში. მას შემდეგ, რაც გააპროტესტა, სთხოვეს, “აჟიოტაჟი არ აეტეხა”. თუმცა მაინც დაწერა საჩივარი. როგორც დამკვირვებელი ამბობს, კომისიის წევრი თავიდან ამბობდა, რომ თვითონ მისცა ხმა და საკუთარი ბიულეტენი ჩააგდო ყუთში, თუმცა ეს შემთხვევა დილის 11:20 საათზე მოხდა, ხოლო კომისიის წევრმა ფიფიამ 2-ის ნახევრისთვის მისცა ხმა. როდესაც გაიგო, რომ ვიდეო მქონდა, სადაც ჩანდა, რომ სხვა მომენტში აძლევდა ხმას, შეცვალა ჩვენება და განაცხადა, თითქოს რეცეპტი ეჭირა, ამბობს დამკვირვებელი.

კომისიის წევრმა ფიფიამ ისევ უარყო აღნიშნული ინფორმაცია. ნეტგაზეთის თხოვნაზე, წარმოედგინა რეცეპტი, მან გვიპასუხა, რომ “ეს ამბავი უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ”. ამის შემდეგ კომისიის თავმჯომარემ “ნეტგაზეთის” რეპორტიორს უთხრა, რომ ხელს უშლიდა სამუშაო პროცესში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მას შემდეგ, რაც მოვითხოვეთ, ნუ შეგვიშლიდნენ ხელს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, ნეტგაზეთს საბოლოოდ მაინც მისცეს უფლება, გადაეღო ფოტო აღნიშნული რეცეპტისათვის, თუმცა კომისიის წევრმა ფიფიამ “გაგვაფრთხილა”: “ეს უნდა მორჩეს, თორემ არ ვიცი, რა მოხდება”.

ნეტგაზეთი ვერ ადასტურებს, ნამცხვრის აღნიშნული რეცეპტი დაიწერა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დამკვირვებელთან დაპირისპირების შემდეგ თუ მანამდე.