ახალი ამბები

მარნეულის #18 უბანში 4-მა ამომრჩეველმა ვადაგასული პირადობით მისცა ხმა – საია

28 ოქტომბერი, 2018 •
მარნეულის #18 უბანში 4-მა ამომრჩეველმა ვადაგასული პირადობით მისცა ხმა – საია

14:00 საათისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საუბნო სააჩენო კომისიაში 39, ხოლო ოლქში 29 საჩივარი წარადგინა. საიას ინფორმაციით,  ახალციხის #17 უბნიდან გასულ ავტომანქანას, რომელმაც ამომრჩეველთან გადასატანი საარჩევნო ყუთი წაიღო, გარედან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი ჰქონდა მიკრული.

ორგანიზაციამ სამაგიდო სიის დაზიენების ერთი შემთხვევა გორში დააფიქსირა. სულხან სალაძის თქმით, გორის #96 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სამაგიდო სია დააზიანა.

“ამომრჩეველმა მოითხოვა, რომ შვილის ნაცვლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, რაზეც საუბნო საარჩევნო კომისიამ, კანონის თანახმად, უარი განუცხადა. უარით გაღიზიანებულმა ამომრჩევლმა სამაგიდო სია დააზიანა”,-განაცხადა სალაძემ.

დარღვევა დაფიქსირდა მარნეულშიც. საიას ინფორმაციით, მარნეულის #18 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი სათანადოდ არ ამოწმებდა პირადობის მოწმობებს, რის გამოც ოთხმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ვადაგასული პირადობის მოწმობით. მომხდართან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

ქუთაისის #3 უბანზე მარკირების გარეშე ხმის მიცემის შემთხვევა იყო, რაზეც ორგანიზაციამ საჩივარი დაწერა. ქუთაისშივე მოხდა საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსების ფაქტიც. საიას ცნობით, #59 უბანზე საკონტროლო ფურცელი ისე მოათავსეს საარჩევნო ყუთში, რომ არ შეავსეს პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. აღნიშნულ ფაქზტე საიას
დამკირვებელმა საჩივარი დაწერა.

ორი დარღვევა დააფიქსირა საიამ გადასატან ყუთთან დაკავშირებით. ორგანიზაციის ცნობით, ქუთაისის #112 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული იყო 4 პირი. გადასატანი ყუთის უბნიდან გატანისას კომისიის წევრებმა ყუთთან ერთად წაიღეს 5 ბიულეტენი. გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 3-მა ადამიანმა და უბანზე დააბრუნეს 1 ბიულეტენით ნაკლები, ვიდრე უნდა დაბრუნებულიყო. მეორე შემთხვევა ბათუმში, #6 საარჩევნო უბანზე მოხდა. საიას ინფორმაციით, უბანზე მისულმა ამომრჩეველმა კონვერტი გადასატან საარჩევნო ყუთში ჩააგდო.

სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მსგავსად, საიაც აცხადებს, რომ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დაუდგენელი პირები და ახორციელებენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას. ასეთი შემთხვევები ორგანიზაციამ მთაწმინდის #36, საბურთალოს #60, #61; დიდუბის #10, #18, #19, #29, #42;ჩუღურეთის #16, #19, #37; გლდანის #35; მარნეულის #48 უბნებში დააფიქსირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი