ახალი ამბები

“ნაცმოძრაობის” საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გრძელდება

6 მაისი, 2014 • • 2992
“ნაცმოძრაობის” საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გრძელდება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე დღის წინ გააკრეს დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის – დავით ნაფეტვარიძის საარჩევნო პლაკატები, თუმცა მათი უმრავლესობა უკვე ჩამოხეული ან დაზიანებულია.

“ნაციონალური მოძრაობის” ჩამოხეული საარჩევნო პლაკატები  გადავიღეთ აღმაშენებლის მიმდებარე – პასტერისა და უზნაძის ქუჩებზეც, სადაც საპარლამენტო ოპოზიციის ჩამოხეული და დაზიანებული სააგიტაციო მასალის გვერდით მიწერილია მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერი – 41.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს. კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად კი, მსგავსი ქმედება – 1000 ლარით, თანამდებობის პირის შემთხვევაში კი 2000 ლარით ჯარიმდება.

 

როგორ ასრულებს კანონის ამ მოთხოვნას თბილისის მერია, რომელსაც “ნეტგაზეთმა” ჩამოხეული პლაკატების თაობაზე კონკრეტული ფაქტები მიაწოდა? – ამ კითხვაზე პასუხი დედაქალაქის მერიაში ჯერ ვერ გაგვცეს და მხოლოდ ის გვითხრეს, რომ  პლაკატების ჩამოხევისა და დაზიანების ფაქტების მონიტორინგი მათ საპატრულო პოლიციასთან ერთად ევალებათ. შსს-ში კი “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ეს საკითხი არა პოლიციას, არამედ თბილისის მერიას და გამგეობებს ეხებათ.

 

იუსტიციის მინისტრმა, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეა, ჯერ კიდევ გასული წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს განაცხადა, რომ შეინიშნებოდა პლაკატების ჩამოხევის “შემაშფოთებელი ტენდენცია”:

 

“ასეთი ფაქტები დაფიქსირდა “თავისუფალი საქართველოს” და კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან. ყველა ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავების მხრიდან შესაბამის რეაგირებას ექნება ადგილი”, – განაცხადა მაშინ წულუკიანმა.

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პლაკატების ჩამოხევის ფაქტები დააფიქსირა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოებამაც“ (ISFED). ორიგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის პლაკატები ჩამოხიეს ბათუმში, სოფელ ბაკურციხესა და ლანჩხუთში.

 

ხოლო 2013 წლის აპრილში დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” პლაკატები პატრულის თანამშრომლებმა ჩამოხიეს. მოგვიანებით, ამ ფაქტის კომენტირებისას მაშინდელმა შს მინისტრმა და ახლანდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პატრული არასწორ ადგილზე გაკრულ პლაკატებს ხევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი