ახალი ამბები

სუბარის პასუხი არასამთავრობოებსა და ახალაიას

6 აგვისტო, 2013 • 1321
სუბარის პასუხი არასამთავრობოებსა და ახალაიას

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “მაღალი ალბათობით დგინდება ციხეში ე.წ. “მაყურებლების” არსებობა და აუცილებელია პროკურატურამ შეისწავლოს ამ ფაქტთან ციხის უფროსის, ბატონი მალხაზ სინაურიძის კავშირის საკითხი”.

 

სოზარ სუბარის თქმით, კორტავას საქმესთან დაკავშირებით გეგუთის ციხის დირექტორი და მისი მოადგილეები გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან.

 

“პირველად მოხდა, რომ მომხდარ დანაშულზე ძალიან სწრაფი და ადეკვატური რეაგირება იყო, დღეისთვის დაკავებულია 8 ადამიანი, ნაწილი – თანამშრომლები და ნაწილი – მსჯავრდებულები. თუმცა ძიება გრძელდება. თუკი გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, მათი დაკავებაც მოხდება. კორტავას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გააკეთა მაქსიმუმი, თუმცა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა დეტალი გარკვეულია და ყველა პირია პასუხისგებაში მიცემული. ძიების დროს შეიძლება გამოიკვეთოს სხვა დამნაშავეებიც. მალხაზ სინაურიძე გავათავისუფლე ზუსტად რამდენიმე დღეში ამ ტრაგედიიდან. თუკი გამოიკვეთება მისი ბრალეულობა, მას ბრალი წაეყენება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მინისტრი გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას გუშინდელ განცხადებასაც, რომელშიც მან აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემის არცერთ დაწესებულებაში ციხის დირექტორის გარეშე არ არსებობენ მაყურებლები:

 

“მაშინ, როდესაც, სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულებაში მაყურებლებისა და ადმინისტრაციის დავალებით მოკლეს ლევან კორტავა, აღნიშნული ციხის დირექტორი იყო მალხაზ სინაურიძე. ერთადეთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეს ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, არის ის, რომ იგი არის ერთადერთი მოწმე ჩემ წინააღმდეგ ე.წ. ქურდების ანუ ბუნტის საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ სინაურიძემ ბუნტის საქმეში პროკურატურის კარნახით არაერთხელ შეცვალა ჩვენება და სწორედ ეს გახდა გარანტი იმისა, რომ მის მიმართ არ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა. სამწუხაროდ, მაყურებლები ციხეებში დღეს ნამდვილად არის სისტემური პრობლემა, რაც მომავალში კვლავ გამოიწვევს არაერთ მძიმე შედეგს”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

 

სოზარ სუბარის თქმით, “თავისთავად ის ფაქტი, რომ ახალაიას მისი ყოფილი თანაშრომლები ბრალს უყენებენ, საინტერესოა:

 

“ისინი არიან უშუალო მოწმეები და კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა შიგნით [ციხის ბუნტის დროს], როცა ჩვენ ყველანი გარედან ვაკვირდებოდით სიტუაციას”.

 

სუბარის თქმით, ახალაიას გუშინდელი განცხადება იყო “პრაქტიკულად აღიარება და ლუსტრაცია თავისი ქმედებების, როცა თქვა, რომ მაყურებლები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაცაისთან შეთანხებული და მათთან ერთად მოქმედებდნენ. ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ მოვუღებთ ბოლოს, უბრალოდ, ამას ჭირდება კიდევ ცოტა დრო და პერიოდი.”

 

გეგუთის ციხეში განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად პატიმარი ლევან კორტავა 23 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ უკვე ბრალი წაუყენა ციხის რამდენიმე თანაშრომელსა და პატიმარს. თუმცა გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები მოითხოვენ სოზარ სუბარის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას და ციხის ყოფილი უფროსის, მალხაზ სინაურიძის დასჯას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი