ახალი ამბები

ზუგდიდის მე-4 უბანთან, სავარაუდოდ, “ოცნების” კოორდინატორები დგანან

28 ოქტომბერი, 2018 • 1339
ზუგდიდის მე-4 უბანთან, სავარაუდოდ, “ოცნების” კოორდინატორები დგანან

ზუგდიდში, 67-ე ოლქის მე-4 საარჩევნო უბანთან (მეორე საჯარო სკოლასთან) უბნის გახსნიდან, 8 საათიდან, ამ დრომდე (10:45) დგას ავტომანქანა, რომელში მსხდომ ადამიანებთანაც ამომრჩევლის ნაწილი ხმის მიცემამდე და მიცემის შემდეგ მიდის და ესაუბრება. მანქანასთან დროგამოშვებით მიდიან სხვა ადამიანებიც.

როგორც “ნეტგაზეთს” ენმ-ის დამკვირვებელმა ელისო შენგელიამ უთხრა, მისი ვარაუდით, ეს ადამიანები “ქართული ოცნების” კოორდინატორები არიან.

მანქანაში მსხდომმა სამმა ადამიანმა არ ისურვა ნეტგაზეთთან საუბარი, შესაბამისად, მათი ვინაობა ჩვენთვის უცნობია.

ერთ-ერთი, ვინც მანქანასთან ხშირად მიდის და ესაუბრება ამომრჩეველს, ლალი გვილავაა.

ლალი გვილავა დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება უბანზე. მას ცესკოს სააკრედიტაციო ბარათზე აწერია, რომ წარმოადგენს ორგანიზაციას “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია”.

ნეტგაზეთის კითხვაზე მან უარყო, რომ “ოცნების” კოორდინატორია. ჩვენს კითხვაზე, შედის თუ არა დამკვირვებლის კომპეტენციაში უბნის გარეთ იმყოფებოდეს და ამომრჩეველს ესაუბრებოდეს, გვიპასუხა, რომ ამის უფლება აქვს.

ხმის მიცემის პროცედურა. ზუგდიდი, მე-4 უბანი. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

“ობსერვატორიას” არჩევნებზე 2 926 დამკვირვებელი ჰყავს საქართველოს მასშტაბით. შედარებითსვის, ცნობილ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს- “სამართლიან არჩევნებსა” და საიას- 1 030 და 480 დამკვირვებელი ჰყავთ.

“ობსერვატორიის” დირექტორია გრიგოლ გაგნიძე, რომელიც საჯაროდ უჭერს მხარს “ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. გაგნიძე გაზეთ “საერთო გაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ “ერთადერთი, ვინც ამომრჩეველს რეალურ დაპირებებს აძლევს, სალომე ზურაბიშვილია”.

როგორც ლალი გვილავამ გვითხრა, დირექტორი რომ ზურაბიშვილს უჭერს მხარს, არ ნიშნავს, რომ ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი მისი მხარდამჭერია, თუმცა დასძინა: “მაგრამ მე პირადად მომწონს სალომე ზურაბიშვილი”.

“ნეტგაზეთთან” საუბარში საუბნო კომისიის თავმჯდომარე ციალა გურგულიანი ამბობს, რომ მას არ ეხება, რა ხდება უბნის გარეთ.

10 საათისავის 1 318 ამომრჩევლიდან მხოლოდ 77 იყო მისული. მათი დიდი ნაწილი ესაუბრა ჩვენ მიერ ნახსენებ ადამიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი