ახალი ამბები

კალაძე “ომეგას” წარმოების განახლებაზე: ჩვენთვის ბიზნესი მნიშვნელოვანია

27 ოქტომბერი, 2018 • 1252
კალაძე “ომეგას” წარმოების განახლებაზე: ჩვენთვის ბიზნესი მნიშვნელოვანია

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახი კალაძე “ომეგა ჯგუფის” მიერ წარმოების განახლებასთან დაკავშირებით აცხადებს:

“კომპანიამ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო, თუ არ ვცდები, რამდენიმე მილიონია უკვე გადახდილი, და შესაბამისად გააგრძელა მუშაობა”.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გუშინ, 26 ოქტომბერს, “ომეგა ჯგუფის” თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა.

ტელეკომპანია რუსთავი2-ის თანახმად, “ომეგას” თამბაქოს საწარმოს მუშაობის განახლებას წინ უძღოდა კომპანიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ბრიფინგის ჩანიშვნა, რაც ჯერ ორჯერ გადაიდო, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა.

“ჩვენთვის ბიზნესი არის მნიშვნელოვანი. ბიზნესი არის სფერო, რომელიც ქმნის ქვეყანაში კეთილდღეობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, ასაქმებს ადამიანებს და ის მიდგომები, რომელიც აქვს ხელისუფლებას ბიზნესის მიმართ, არის ძალიან მნიშვნელოვანი”. — განაცხადა კალაძემ.


“ომეგას” მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ ქარხანამ გუშინ განაახლა მუშაობა.

“ნეტგაზეთს” შემოსავლების სამსახურში უთხრეს, რომ “ომეგა ჯგუფმა” 26 ოქტომბერს გადაიხადა 1 მილიონი ლარი და ითხოვა წარმოების განახლების უფლება, რათა “შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და წარმოების გაგრძელება”.

ომეგას, ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 50 მილიონზე მეტი ვალი ჰქონდა.

საუბარია “ომეგა ჯგუფის” კომპანია “ოჯთ”-ზე, რომელიც თამბაქოს ბიზნესშია.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიის ანგარიშს ინკასო მოეხსნა;

ამას გარდა, მოეხსნა ყადაღა კომპანიის საბრუნავ საბრუნავ საშუალებებს;

კომპანიამ ასევე შეიძინა აქციზური მარკები.

საზოგადოებასთან სამსახურის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისათვის, რომ “ომეგამ” წარმოება განაახლოს.

მათივე ცნობით, უახლოეს პერიოდში “ომეგა ჯგუფმა” უნდა წარმოადგინოს წინადადება გრაფიკის შესახებ, რომელშიც გაწერილი იქნება დარჩენილი გადასახადების გადახდის ვადები.


ფინანსთა სამინისტრომ სექტემბერში განაცხადა, რომ ომეგა ჯგუფში შემავალ კომპანია “ოჯთ”-ს, ძირითადად თამბაქოს აქციზის გადასახადის გადაუხდელობის გამო, დავალიანების სახით  51 მლნ. ლარი ეკისრებოდა. განცხადებაში ეწერა, რომ დავალიანება რამდენჯერმე განაწილდა, თუმცა კომპანიამ შეთანხმების პირობები დაარღვია.

“ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებას ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვდა. კომპანიის თქმითვე, ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია”, რომელიც “ომეგა ჯგუფის” მფლობელობაშია, ხელისუფლების მიმართ კრტიკულია.

ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, მათ აშანტაჟებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

“ომეგას” საქმეზე შესაძლო რეკეტის შესახებ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გაავრცელა ტელეკომპანია რუსთავი2-მა. საქმეში ფიგურირებენ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები.

“იბერიამ” 10 დღის წინ შეწყვიტა საინფორმაციო მაუწყებლობა.

“ომეგამ” ვალის ნაწილი დაფარა, თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა

მასალების გადაბეჭდვის წესი