ახალი ამბები

“იმოქმედე დღეს” – რეპორტაჟი ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციიდან

26 ოქტომბერი, 2018 • 1858
“იმოქმედე დღეს” – რეპორტაჟი ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციიდან

*სტატია განახლდა აქციის დასრულების შემდეგ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა. პარლამენტის შენობასთან აქტივისტებთან ერთად სარალიძის დედა და პანკისის სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებოდნენ. აქციაზე ასევე გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტობის კანდიდატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.

თავდაპირველად აქციის მონაწილეებს სიტყვით ზაზა სარალიძის დედამ და დავით სარალიძის ბებიამ, მარინა ბეგაძემ მიმართა. ის პარლამენტის შენობასთან შვილის დაკავების შემდეგ მივიდა და განაცხადა, რომ ამიერიდან აქციებს თავად გაუძღვება.

“მართალია, ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ. ზაზა მარტო არ არის. მე დღეიდან ვაგრძელებ ყველაფერ იმას, რასაც ზაზა აკეთებდა”, – თქვა მან.

ზაზა სარალიძის დედა სიტყვით მიმართავს თავისი შვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

აქციაზე სიტყვით გამოდიოდნენ რიგითი მოქალაქეები, მათ შორის, შვილმკვდარი მშობლები, რომლებიც საკუთარ ისტორიებს ჰყვებოდნენ.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

აქციის დაწყებისთანავე პარლამენტის წინ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტობის კანდიდატები გამოჩნდნენ. “ძალა ერთობაშია”-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ როგორც სარალიძის, ისე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემთხვევაში, ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს, 26 ოქტომბერს კი ზაზა სარალიძეს სახელმწიფომ პროვოკაცია მოუწყო.

“არცერთი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ მინდა. ჩუმად ვიდექი, როცა პირველი აქციები იყო.
…რატომ დააკავეს დღეს ბატონი ზაზა სარალიძე? რატომ მოუწყვეს მას პროვოკაცია? იმიტომ, რომ ჰგონიათ, საქართველოს მოქალაქეები გავალთ კანონის ფარგლებს გარეთ. არ გავალთ”, – თქვა მან.

ზაზა სარალიძის დაუყოვნებლივ დაუყოვნებლივი გათავისუფლება აქციაზე “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმაც მოითხოვა. ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ “პოლიციაზე ფიზიკური ძალადობა ყოვლად დაუშვებელია, თუმცა ყოველთვის აქვს მნიშვნელობა კონტექსტს”:

“ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ იპოვა სამართალი. მას მოუკლეს შვილი და სასამართლომ უთხრა, რომ მისი შვილის მკვლელი, დიდი ალბათობით, არის გარეთ. ჩემი აზრით, ასეთ ადამიანს არათუ კარვის გაშლის უფლება აქვს რუსთაველზე, არამედ ნებისმიერ საჯარო სივრცეში აქვს ნებისმიერი რამის კეთების უფლება, მშვიდობიანად. პოლიცია მას არ უნდა ეხებოდეს და არ უნდა უშლიდეს კარვის გაშლას”, – უთხრა ჯაფარიძემ “ნეტგაზეთს”.

“ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე 26 ოქტომბერს მომხდარს “სარალიძის წინააღმდეგ გამოცხადებული პროვოკაციის ქრონიკას” უწოდებს.

“როდესაც ეს ადამიანი თვეებია, ქუჩაში ითხოვს სიმართლეს, მკვლელების დასჯას, რომელთა სახელებიც ცნობილია და ეს დაადგინა კომისიამ; სთხოვს ხელის დამფარებელი პირების დასჯას, რომელთა სახელებიც ასევე ცნობილია… იმის მაგივრად, რომ საზოგადოება და სახელმწიფო გვერდზე დაუდგნენ ამ ადამიანს, ვხედავთ, რომ ცდილობენ მის პროვოცირებას, გარიყვას, მის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებას. ამიტომ, დღეს გამოვხატავ სოლიდარობას მის მიმართ”, – განუცხადა მან მედიას.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის წინ კარავი მიიტანა. ამ ფორმით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სარალიძეს, რომელიც სამართალდამცავებს ფიზიკურად სწორედ კარვის გაშლაში ხელის შეშლის შემდეგ დაუპირისპირდა.

“ჩვენ გვაქვს შეკრების, აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების თავისუფლება თუნდათ კარვით, რომელიც არავის არაფერში უშლიდა ხელს. ზუსტადაც რომ, ზაზა სარალიძე შეეწირა ზუსტად ასეთი კარვის გაშლის მცდელობას და კანონმდებლობით მინიჭებული უფლების განხორციელებას”, – აღნიშნა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა

აქტივისტებმა პარლამენტთან მცირე ზომის კარავი მიიტანეს და შიგნით განთვსდნენ. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

მოგვიანებით, აქტივისტებმა კარავი შესაბამისი კონსტრუქციით გაამყარეს და გაშალეს. მათი თქმით, პარლამენტთან მისვლას კარვებით სხვა ადამიანებიც აპირებდნენ.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პირველი კარვის გაშლას პოლიცია არ შეწინააღმდეგებია, თუმცა სამართადამცავები მას შედეგ გააქტიურდნენ, რაც ზაზა სარალიძს მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ კიდევ ერთი კარვის გაშლა სცადეს. პოლიციამ მათ კონსტრუქცია წაართვა და ავტომობილში განათავსა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც, რა დროსაც აქციის მონაწილე ქალი შეუძლოდ გახდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, შუადღისას, პარლამენტის შენობასთან დააკავეს. დაკავებამდე, მას პოლიციამ კარვის გაშლაში შეუშალა ხელი, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. ამ დროს შვილმოკლული მამა პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაკავების შემდეგ პოლიციაში სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. უწყებამ მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

ზაზა სარალიძესთან ერთად ასევე დააკავეს მისი ორი თანხმლები პირი. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზაზა სარალიძე 10 თვეზე მეტია მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელების პოვნასა და დასჯას ითხოვს, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა. შვილმოკლული მამა რამდენიმე თვეა ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მას სამართალდამცავები კარვის გაშლის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რაც არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც ომბუდსმენმა, ისე უფლებადამცველებმა. მათი თქმით, პროტესტის გამოხატვისას კარვის გაშლა კანონიერია და ეს უფლება სარალიძეს არ უნდა შეეზღუდოს.

ვიდეო ▶ პარლამენტთან ზაზა სარალიძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი