ნეტგაზეთი | ნანუკა ჟორჟოლიანი: ის, რომ ნოშრევან ნამორაძე იქ იყო, ცოტათი საეჭვოა ნანუკა ჟორჟოლიანი: ის, რომ ნოშრევან ნამორაძე იქ იყო, ცოტათი საეჭვოა – Netgazeti
RU | GE  

ნანუკა ჟორჟოლიანი: ის, რომ ნოშრევან ნამორაძე იქ იყო, ცოტათი საეჭვოა

ერეკლე კოდუას მეუღლე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოთქვამს ეჭვს, რომ ნოშრავან ნამორაძე, რომელმაც დავით კოდუას ცემის ფაქტი აღიარა, ინციდენტის ადგილზე არ იმყოფებოდა.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი2″–ის გადაცემა “კურიერში” ისაუბრა.

 

“ის, რომ ნოშიკო ნამორაძე იქ იყო, ცოტათი საეჭვოა, რადგან ის არის დათო კოდუას ბავშვობის მეგობარი, არაერთხელ ყოფილა მასთან სახლში და გამორიცხულია, ძიძა მას იცნობდა. მან თქვა, რომ ის იყო მარტო, მაგრამ უამრავი ადამინია, რომელიც იტყვის, რომ იქ იყვნენ ერთნაირი ჩაცმულობით ადამიანები, ელექტროშოკებით. მაშინ დღეს გამოდის, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ 90–იან წლებში ვართ და ადამიანები პოლიციასთან აგვარებენ საქმეს” – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.


ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ასევე საეჭვოა შს–ს  განცხადება იმის შესახებ, რომ ინციდენტის ადგილზე კამერები არ არის დამონტაჟებული:


“არის კითხვები, რაზეც პასუხი არის საინტერესო. შსს –მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არც ერთი კამერა იქ არ არის, სადც შემთხვევა მოხდა. მე მაქვს რუკა, სადაც მარკერებით არის მონიშნული ის ობიექტები, სადაც არის კამერები და მომხდარს  გადაიღებდა ძალიან კარგად. იქ არის “ტაო პრივატ ბანკი”, “ჯიპისი”, მაღაზია “ტრენდი”, ქუჩაში დაყენებული კამერა, სათვალთვალო, “პსპ” და რესტორანი, რომელიც იქ მდებარეობს. რვა ვიდეოთვალი არსებობს და  ძალიან მარტივია და ძალიან მნიშვნელოვანია, საქმე რა მუხლით აღიძვრება. ესეც მნიშვნელოვანი დეტალი, წელს ზევით მიყენებული ზიანი, რომელიც არის ჯგუფური თავდასხმა. ჩნდება კითხვა, ხომ არ აღიძვრება საქმე მსუბუქი დაზიანების მუხლით”

 

ნანუკა ჟორჟოლიანი ასევე გამოთქვამს ეჭვს, რომ ეს საქმე ირიბად ერეკლე კოდუას უკავშირდება:

 

“თავისთავად ეს ფაქტი ირიბად უკავშირდება ერეკლე კოდუას. იმიტომ, რომ ერეკლე კოდუას სამსახურის მიერ იყო დაკავებული ნოშიკო ნამორაძე. მე არ ვიცი ამ საქმის დეტალები. სწორედ ამის შემდეგ გაფუჭდა ურთერთობა მეგობრებს შორის. ბიზნესპარტნიორული ურთერთობებიც აირია. მე ნოშიკო ნამორაძე გავიცანი, როგორც რესპოდენტი, როცა ორმხრივი სროლისას მან “ბიგბენში” დაჭრა თავისი ბიზნეს–პარტნიორი კურცხალია.  ნოშიკო ნამორაძეს ჰქონდა რაღაც გარჩევა. ის იყო დაჭრილი. ის მეგობრობდა დავით კოდუასთან და ჰქონდათ უთანხმოება ბოლოს. ნოშიკო ნამორაძეს დღეს გამოძიებისთვის პირველი ჩვენება არ მიუცია. არჩევნების შემდეგ მან არაერთი ჩვენება მისცა დავით კოდუას წინააღმდეგ და ის ირწმუნებოდა ამ ჩვენებებში, რომ დათო კოდუასთან ჰქონდა ბიზნესდავა. დაიკითხა ამ საქმესთან დაკავშირებით იარკლი ზაქაიძე და რამდენიმე ბიზნესმოწილე მათი. მათი დაკითხვების და გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ საქმეს აღარ მიეცა მსვლელობა. ასევე,  მე ერთ–ერთ გადაცემაში ვნახე ნოშიკო ნამორაძის მეუღლე, რომელმაც გააკეთა განცხადება გარკვეულ მანქანასთან დაკავშირებით და მე გადავამოწმე ინფორმაცია და გავარკვიე, რომ ეს მანქანა შსს–ს ბალანსზე იმყოფება, რომლის მინისტრიც არის ჭიკაიძე და მანქანა არავის პირად საკუთებაში არ მიუქცევია.”

 

სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმაზე, დავით კოდუაზე თავდასხმის ფაქტი გახსნილია.  

 

“შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლით” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე ბიზნესმენ დავით კოდუას თბილისში, აბაძიშის ქუჩაზე სამი ნიღბიანი დაესხა თავს. მასთან იმყოფებოდნენ 4 წლის შვილი და ძიძა. ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებით რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ კი ინგოროყვას კლინიკაში მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 

 

ოჯახის წევრებს ვერსია არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული თავდასმა.

 

დავით კოდუა სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმაა, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის თაობაზე. ერეკლე კოდუა მიმალვაშია.



 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი