დელეგაციის წევრები წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში 28 აპრილიდან 2 მაისამდე სწავლობდნენ, მართავდნენ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
დელეგაციის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა ყურადღება გაამახვილა ძალადობის ფაქტებზე და მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე და განაცხადა, რომ ამ ფაქტებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნო გარემოზე:
“პირველი თემა, რასაც მინდა შევეხო, ეს არის ძალადობა. მისიის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმ ინციდენტებზე, რომელიც დაკავშირებული არის ძალადობასთან, ეს არის კვერცხების სროლა, მცდელობა გატაცების და ა.შ. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თუნდაც მცდელობას ვინმეს დაშინების შეიძლება ძალიან ცუდი ზეგავლენა ჰქონდეს. იგულისხმება პარტიის წევრების და პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ზეწოლა”, – განაცხადა პერ ეკლუნდმა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინსიტროს შეუფერხებლად უნდა შეეძლოს უზრუნველყოს წესრიგი მსგავსი მოვლენების დროს.
“რაც შეეხება ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას, საქართველოს მთავრობამ ნაციონალური მოძრაობის მიმართ წამოიწყო სამართალწარმოება ძალაუფლების გადამეტების ან სხვა დარღვევების საფუძველზე. მინად ვთქვა, რომ როდესაც ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, აუცილებელია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი დევნა არის პოლიტიკურად მოტივირებული და როდესაც მათ მიმართ წაყენებული ბრალი არ არის სათანადოდ გამყარებული მტკიცებულებებით, ეს ეჭვქვეშ აყენებს სანდოობას”, – აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა.
NDI–ს დელეგაციის წევრები მხარს უჭერენ მორატორიუმს, რომელიც პრემიერის ინიციატივით გამოცხადდა და რომლის თანახმადაც არ უნდა მოხდეს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტების და აქტივისტების დაკავება და დაკითხვაზე დაბარება.
დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, არჩევნებისა და დემოკრატიის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი რობერტ ადამსი კრიტიკულად აფასებს ცვლილებას, რომლის თანახმადაც თვითმმართველობის მოხელეები არჩევნების შემდეგ დროებით მოვალეობის შემსრულებლებად გამოცხადდებიან:
“ეს წესი პრობლემას ქმნის როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე, უწყებების მუშაობის თვალსაზრისით. აუცილებელია საჯარო სამსახურში მდგრადობის უზრუნველყოფა, ამიტომაც ეს წესი სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამ ყევლაფრის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკური გარანტიების შექმნას ცდილობს”, – განაცხადა რობერტ ადამსმა.
NDI–ს ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორმა, ლუის ნავარომ ყურადღება გაამახვილა მედიის მდგომარეობაზე. როგორც ნავარომ განაცხადა, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე შესაძლოა მაუწყებელმა ბოლომდე მიუკერძოებლად ვერ გააშუქოს პროცესები.
ნავარომ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შეეცადოს დაბალანსებულად გააშუქოს არჩევნები.
NDI–ს რეკომენდაციაა საარჩევნო კანონმდებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა. ასევე, ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს ძალოვან უწყებებს, დაიცვან შეკრებისა და თავისუფლების უფლება და უზრუნველყონ საკმარისი დაცვა ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
NDI მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით თანამდებობის პირებს, თავი შეიკაონ დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებისგან, ხოლო საკუთარი მომხრეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები მკაცრად დაგმონ.








