ნეტგაზეთი | ISFED: ზურაბიშვილს კამპანიის აქტივობებში 9-ჯერ შეუშალეს ხელი, ვაშაძეს 2-ჯერ ISFED: ზურაბიშვილს კამპანიის აქტივობებში 9-ჯერ შეუშალეს ხელი, ვაშაძეს 2-ჯერ – Netgazeti
RU | GE  

ISFED: ზურაბიშვილს კამპანიის აქტივობებში 9-ჯერ შეუშალეს ხელი, ვაშაძეს 2-ჯერ

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატების შეხვედრებზე ხშირია წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტები.  ISFED-ის განცხადებით, მსგავსი ქმედებები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა კასპში, რუსთავსა და ჩუღურეთში. ორგანიზაციის დაკვირვებით, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის აქტივობებს ხელი შეუშალეს 9 შემთხვევაში, ხოლო გრიგოლ ვაშაძის ღონისძიებებს – 2 შემთხვევაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და აქტივისტები იმ შენობებთან ხვდებიან, სადაც მას შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ოპონენტები ზურაბიშვილის შეურაცხმყოფელი შეძახილებისა და ტრანსპარანტების ფონზე მართავენ აქციას.

ISFED-ის დაკვირვებით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტენდენციის სახე აქვს სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციო მასალის დაზიანებას:

“16-17 ოქტომბერს თბილისსა და სხვა 28 მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო პლაკატები და პარტიის ოფისები წითლად გადაღებეს და წააწერეს “KGB”. არჩევნებამდე 10 დღით ადრე თბილისის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა გაკრული სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნა დაავალა.

საგულისხმოა, რომ არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ადგილების ჩამონათვალი, სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება ნებადართულია ან/და აკრძალულია. ამ მომენტისთვის, გაურკვეველია, დასუფთავების სამსახური მხოლოდ აკრძალული ადგილების ჩამონათვალით ხელმძღვანელობს, თუ ყველა იმ ადგილს ასუფთავებს, სადაც სპეციალური სტენდები არ არის გამოყოფილი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ISFED-ის განცხადებით, იყო დაპირისპირება და ძალადობრივი ფაქტები.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა კასპში მოხდა, სადაც 16 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

ISFED-ის განცხადებით, შეხვედრის პარალელურად აქციას მართავდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები. ისინი კანდიდატს ტრაფარეტებით დახვდნენ და მოღალატეს უწოდებდნენ, თან აცხადებდნენ, რომ კანდიდატისთვის კითხვების დასმა სურდათ.

“სალომე ზურაბიშვილის თანმხლებმა ერთ-ერთმა პირმა ენმ-ის კასპის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნუგზარ ნონიაშვილს „უზრდელი“ უწოდა, რასაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა აქტივისტები ერთმანეთს მაინც დაუპირისპირდნენ” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.

რუსთავში კი 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე,  გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

თეატრის შესასვლელთან პარალელურ რეჟიმში აქციას მართავდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ თან ჰქონდათ პლაკატები სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო ლოზუნგებით და ითხოვდნენ შენობაში შესვლას, რათა კითხვები დაესვათ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. სამართალდამცველებმა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „ცოცხალი ჯაჭვი“ გააკეთეს და საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობაში არ შეუშვეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თაკო მეტრეველის თქმით, ის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ძალის გამოყენებით გაიყვანა და ზურგში დაარტყა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ჩუღურეთში კი  9 ოქტომბერს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდუბის შტაბის უფროსმა ვახტანგ პეტრიაშვილმა ორგანიზაციას შეატყობინა, რომ წინა დღით, 8 ოქტომბერს მათ მიერ გამართულ შეხვედრაზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, მათი პარტიის წევრი თამარ ზერეკიძე მე-15 ბაგა-ბაღის დირექტორს, მარიამ კაპანაძეს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, 8 ოქტომბერს, 18 საათზე, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე, „პალერმოს“ ბაღში ზაალ უდუმაშვილმა და პარტიის მხარდამჭერებმა გამართეს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა. შეხვედრას მოგვიანებით შეუერთდა ოთხი ქალი, რომლებიც პარტიის წარმომადგენლებთან პოლემიკაში შედიოდნენ და მათ ქმედებებში იკვეთებოდა პროვოკაციის ნიშნები:

“პარტიის წევრის, თამთა დანელიას თქმით, მან ამოიცნო ერთ-ერთი ქალბატონი, მარიამ კაპანაძე, რომელიც წარსულში მათი თანაგუნდელი იყო. კაპანაძე ამჟამად არის „ქართული ოცნების“ წევრი, ე.წ. „ზონის უფროსი“ და #15-ე ბაგა ბაღის დირექტორი. ენმ-ის ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოაშკარავდა ქალბატონების ვინაობა. პარტიის წევრების თხოვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა შეხვედრის ადგილი არ დატოვეს.

ზაალ უდუმაშვილის თანაშემწემ, თამარ ზერეკიძემ დაიწყო ვიდეოგადაღება და კაპანაძეს დაუსვა კითხვა, იყო თუ არა ის ბაღის დირექტორი და იმყოფებოდა თუ არა მათ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ დავალებით, რა დროსაც კაპანაძე უფრო აგრესიული გახდა და დაიწყო ყვირილი, სახეზე აიფარა ხელჩანთა და სწრაფი ნაბიჯით დაიწყო მიმდებარე ტერიტორიის დატოვება. ამ პროცესში მან თამარ ზერეკიძისთვის ვიდეოს გადაღების ხელის შეშლის მიზნით მოიქნია ჩანთა და სახეში მოარტყა, შემდეგ სცადა მობილური ტელეფონის წართმევაც”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

პარტიამ საჩივარი შეიტანა დიდუბის პოლიციის განყოფილებაში, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში მოსახლეობასთან შეხვედრისას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ბერაია მოსახლეობას მოუწოდებს, ენმ-ის რომელიმე აქტივისტის თუ მომხრის დანახვისას „თავში ჩაარტყან“ და არ მისცენ გააქტიურების შესაძლებლობა.

“ჯიშკარიანის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე მისულ თენგიზ ჯიშკარიანს, რომელმაც იკითხა, რომელი იყო დეპუტატი მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატის თანმხლებმა პირებმა – ჯანო ლაშხიამ და მევლუდ ჯიშკარიანმა. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, დეპუტატმა შეხვედრის ტერიტორია დატოვა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ISFED-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული გზავნილები ირაკლი ბერაიამ სოფელ ჭალადიდში მოსახლეობასთან შეხვედრაზეც გაახმიანა, სადაც „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი თავად იმყოფებოდა.

დამკირვებლის კითხვაზე, რას გულისხმობს იგი ამ მოწოდებაში, ბერაიამ განაცხადა: „მე არავის მოუწოდებ ძალადობისკენ. ეს არ არის ძალადობა კონკრეტულ ადამიანზე. პარტია, რომელიც 2012 წელს გაისტუმრა ხალხმა ნაგავსაყრელზე, მათ არ მივცეთ დღეს უფლება თავის წამოწევის. როგორც კი ნაგავსაყრელიდან წამოიწევიან, ჩავარტყათ და უკანვე მივაბრუნოთ. მე ამას არ ვთვლი ძალადობად, ამ განცხადებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარეც, ეს არის ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ.“

ISFED-ის თქმით, დეპუტატის განცხადებით, ახალ ხიბულაში თენგიზ ჯიშკარიანი პროვოკაციის მიზნით მივიდა შეხვედრაზე და ცინიკურად უსვამდა დამსწრე პირებს შეკითხვებს, თუმცა სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.