დეპუტატების აზრით, საჭიროა ბევრად უფრო ეფექტური მექანიზმები დისკრიმინაციის წინააღმდეგ. შესაბამისად, მათ “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატიულ წინადადებას “სახალხო დამცველის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შემადგენელი ნაწილია, მხარი დაუჭირეს:
“მე მივეცი “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატიულ წინადადებას ხმა იმიტომ, რომ, ვფიქრობ, დისკრიმინაციის აღმოფხვრა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა უნდა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ამას ითვალისწინებს მეორე მოსმენით მიღებული კანონი. საწმუხაროდ, ვერ გავიდა ალტერნატიული წინადადება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ანტიდისკრიმინაციული კანონი მეორე მოსმენით მიღებულია. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ალტერნატიული წინადადება ვერ გავიდა, არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება არ მივუბრუნდეთ ამ თემას. დახვეწაზე მუშაობა ყოველთვის შეიძლება,” – ამბობს თამარ კორძაია.

იგივე მოსაზრება აქვს ნინო გოგუაძეს, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის დახვეწა ყოველთვის შესაძლებელია:
“რა თქმა უნდა, აქ არ არის ისეთი ქმედითი აღსრულების მექანიზმები. ამიტომაც მე ჩემი პოზიცია გამოვხატე კენჭისყრაში და “ნაციონალების” ალტერნატივას დავუჭირე მხარი, რომ უფრო ქმედითი ყოფილიყო მექანიზმი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ კანონს აქვს მსოფლმხედველობრივი და დეკლარირებული ხასიათი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ამ სახით გავიდა. ქმედითი მექანიზმების შემოღება თანდათან, იმის მიხედვით, თუ როგორ იმუშავებს კანონი, შესაძლებელია.”

პარლამენტმა, “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით, კენჭი “სახალხო დამცველის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების ალტერნატიულ წინადადებას უყარა, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი დისკრიმინაციასთან დაკავშირებით არ შესრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ის მიმართავს სასამართლოს, რათა გამოყენებული იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ჯარიმა იმ პირის მიმართ, რომელიც არ შეასრულებს რეკომენდაციას.
აღნიშნული ალტერნატიული წინადადება 43 ხმით 24-ის წინააღმდეგ ჩავარდა.








