ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძე: ჯერ ატლანტიკური ინტეგრაცია და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება

24 ოქტომბერი, 2018 • 1964
გრიგოლ ვაშაძე: ჯერ ატლანტიკური ინტეგრაცია და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება

პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში კანდიდატების დებატების დროს საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა.

წამყვანის კითხვის საპასუხოდ, მოახერხებდა თუ არა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ საკითხებზე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვაშაძემ განაცხადა, რომ პირველ ადგილას ნატოში გაწევრიანება უნდა განიხილებოდეს, ხოლო შემდეგ- ევროკავშირი:

“რაც შეეხება ევროპულ და ატლანტიკურ ინტეგრაციას, რომელსაც მე ადგილებს შევუცვლიდი – ატლანტიკური ინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება. იმიტომ, რომ ის კატაკლიზმები, რომელიც ახლა ევროკავშირში ხდება ბრექსითით დაწყებული და ის, რომ რიგში ბალკანეთის ქვეყნები დგანან, ეს გვაძლევს საშუალებას ვისწავლოთ იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. ეს არის ასოცირების შეთანხმება, ეს არის ყოვლისმომცველი და გაღრმავებული სავაჭრო შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია”, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი.

გრიგოლ ვაშაძის თქმით,  ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ის და მისი გუნდი არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებთან, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც თანამშრომლობდნენ. ამ პირების ნაწილი კი, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” შეურთდა, ვაშაძის თქმით, რჩევისთვის მას ამ დრომდე აკითხავს:

“რაც შეეხება ნატოს, თუ მე ჩამოგითვლით იმას, რაც ჩვენს დროს გაკეთდა 2008 წლიდან 2012 წლამდე, თქვენ მიხვდებით, რომ ჩვენ ვთანამშრომლობდით არა მარტო სახელმწიფო მოხელეებთან, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასთან. რიგი ადამიანები მერე გადაბარგდნენ “ქართულ ოცნებაში”. ასე რომ, თუ ქვეყნის ინტერესებს შეეხება, ეს არ გამიჭირდება და ძალიან ბევრი ეს ადამიანი კიდევ მოდის ჩემთან და რჩევას მეკითხება”, – თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

გრიგოლ ვაშაძის შეფასება გააკრიტიკა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს იმის თქმა, რომ ბრექსითი კატაკლიზმაა, არასწორია:

“ეს არის კრიზისი ევროკავშირისთვის, მაგრამ კრიზისი, და მე ამ საკითხზე უკვე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, რომელიც მათში ჩართულია. ამან შეიძლება მოგვცეს გარკვეული ახალი ფორმატები. ახალი ფორმატები მუშავდება სწორედ დიდი ბრიტანეთისთვის და ამ ახალ ფორმატებში საქართველომ შეიძლება თავისი ადგილი მოიპოვოს.

მე მიმაჩნია, რომ უნდა ვიყოთ უფრო მომთხოვნი, უნდა ვესაუბროთ სხვანაირად ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს ამ რეგიონში ის სტაბილურობა და ადგილი, რომელიც არის მეტად დასაფასებელი” ,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი