ახალი ამბები

ზურაბიშვილმა ვერ უპასუხა ვაშაძის კითხვას სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვზე

24 ოქტომბერი, 2018 • 7615
ზურაბიშვილმა ვერ უპასუხა ვაშაძის კითხვას სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვზე

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ვერ უპასუხა ოპონენტის, გრიგოლ ვაშაძის შეკითხვას, საქართველოში “რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში”. კანდიდატებს შორის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მიმდინარეობს.

ვაშაძე-ზურაბიშვილს შორის საუბარი ასე წარიმართა:

ვაშაძე: “ქართული ოცნების კანდიდატს მინდა ვკითხო, თუ იცის მან ციფრი, რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, რამდენი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს დღეს სიღარიბეში”.

ზურაბიშვილი: “ეს, გააჩნია, რომელ სტატისკიკას ხმარობთ”…

ვაშაძე: “გაეროს სტატისტიკით, ქალბატონო სალომე”…

ზურაბიშვილი: “გაეროს სტატისტიკაზე არ წავალ, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ დღევანდელი სიტუაცია საქართველოში არ ითვლება გაეროს სტატისტიკით. არის დაუცველი ფენები, და მე ვიქნები სწორედ ამ დაუცველი ფენების მფარველი და მათზე მზრუნავი. და მაინტერესებს, თქვენ რა სტრატეგია გაქვთ… გადაატრიალოთ ქვეყანა? ჩამოიყვანოთ სააკაშვილი? ეს არის ფორმა?”

დებატებში მონაწილეობენ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, “ევროპული საქართველოს” დავით ბაქრაძე და “ნაციონალური მოძრაობის” (“ძალა ერთობაშია”) კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

დებატების მოდერატორია გიორგი გვიმრაძე.

საქართველოში მე-7  საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი