ახალი ამბები

ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი და რ2-ის პროკურორი – უსუფაშვილი ივანიშვილზე

24 ოქტომბერი, 2018 •
ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი და რ2-ის პროკურორი – უსუფაშვილი ივანიშვილზე

“ივანიშვილი პრობლემების მოგვარებას მათი მიჩქმალვით ცდილობს, რადგან სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს”, – ეს განცხადება ‘შენების მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს კომენტირებისას.

“გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი, რუსთავი 2-ის პროკურორი, ჟურნალისტების მასწავლებელი, სიტყვის ბანზე აგდების ოსტატი, მაგრამ ვერ ვნახეთ დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელიც პოზიტიური ენერგიებით აავსებდა საზოგადოებას. ჩვენ მოვისმინეთ დაპირება, რომ იგი ერთ წელიწადში შეძლებს იმის გაკეთებას, რაც ვერ შეძლო 7 წლის განმავლობაში – მმართველ პარტიად წოდებული „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო კონგლომერატი ოდნავ მაინც დამსგავსებოდა პოლიტიკურ ორგანიზაციას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატს აინტერესებს, “რა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? რა გაუმჯობესდა ქვეყნის მმართველობაში უკვე განვლილი ნახევარი წლის განმავლობაში, რაც ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის მმართველობაში?” უსუფაშვილის აზრით, არაფერი.

“გუშინ ისიც დავინახეთ, რომ ივანიშვილისთვის პრაგმატულ-პოლიტიკრად ნაცმოძრაობა-რუსთავი2-ს გაცილებით დიდი ფასი და სარგებელი აქვს, ვიდრე საკუთარ სახელისუფლებო გუნდს და ტელევიზიებს… შექმნილ ვითარებაში გამოსავალი სხვებმა უნდა ვიპოვოთ და ხელისუფლება იძულება-დარწმუნებითი გზით უნდა დავითანხმოთ 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. ამისთვის კი უდიდესი მნიშვნელობა ექნება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ქოც-ნაცური მოჯადოებული წრის გარღვევას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი