ახალი ამბები

გაუგებარია, ჰესის აშენების შემდეგ რატომ იმატებს ელექტროენერგიის საფასური — კობერიძე

23 ოქტომბერი, 2018 • 2217
გაუგებარია, ჰესის აშენების შემდეგ რატომ იმატებს ელექტროენერგიის საფასური — კობერიძე

ლევან კობერიძე, პარლამენტის წევრი, მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, აცხადებს, რომ საჭიროა ერთიანი სახელმწიფო ხედვა ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომლის ჭრილშიც განიხილება მომავალში სხვადასხვა კანონები.

კობერიძემ ამ პრობლემის შესახებ 22 ოქტომბერს, პარლამენტში ენერგოეფექტურობის კანონპროექტის განხილვისას ისაუბრა და დასვა კითხვები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს მიმართ აქვს ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით საფუძვლიანი დოკუმენტი ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით ვერ აღმოვაჩინე, თქვა კობერიძემ და დასძინა: “გარკვეული დოკუმენტები არსებობს, მაგრამ დღესდღეისობით ძალიან ბუნდოვანია, საით მივდივართ, მათ შორის, საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით, ენერგომატარებლების რესურსებთან დაკავშირებით”.

კობერიძის თქმით, მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებით, თუმცა საჭიროა ერთიანი ხედვის არსებობა და ამ ხედვის ჭრილში განხილვა სხვა კანონქვემდებარე აქტებისა.

“კარგად უნდა გვქონდეს წარმოდგენილი, რა ხდება მთლიანად ენერგეტიკის სფეროში”,- თქვა კობერიძემ.

“ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, ყოველი ახალი ჰესის აშენების შემდეგ რატომ იმატებს ელექტროენერგიის საფასური… იმას აღარ ვიტყვი, ორმაგი ფასები რომ არის, — კორპორატიულ სეგმენტში უფრო ძვირი რატომ უნდა ღირდეს გაზი და ინდივიდუალურ მომხმარებელზე უფრო იაფი, ასეთი ტარიფები ჩემთვის საერთოდ გაუგებარია”.

კობერიძემ დააზუსტა, რომ არ სურს, მოსახლეობას ტარიფი გაუძვირდეს: “იმას კი არ ვამბობ, რომ მოსახლეობას გავუძვიროთ. პირიქით — პოლიტიკაში რა ხდება? რატომ არის ის ორი ფასი?  საიდანღაც ვიღაცას მოგება აქვს იქიდან ამოსაღები და კომპანიებისგან ვიღებთ? ეს ფასი ხომ, საბოლოო ჯამში, პროდუქციაზე აისახება?!”

პარლამენტარის თქმით, ეს არის გაცილებით “ღრმა თემა, ვიდრე ენერგოეფექტიანობის კანონი დღეს”.

“ჩვენ არანაირად არ ვეწინააღმდეგებით ამ კანონს, უბრალოდ ეს უნდა განვიხილოთ ასეთ ჭრილში. მე, როგორც ეკონომიკის კომიტეტის წევრს, მაინტერესებს, ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხები გაეცეს [ამ კითხვებს], მერე რა უნდა დავზოგოთ ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებით და როგორ ჯობია, რომ დაიზოგოს”.

“წყალუხვ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაინცდამაინც ტურისტებისთვის საინტერესო ადგილებში, სვანეთში და [სხვაგან] მივდივართ და იქ ვაშენებთ ჰესებს, მაშინ, როდესაც სხვა მდინარეებზე, მე როგორც ვიცი, არის სრულიად შესაძლებელი ჰესების გაკეთება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი