ახალი ამბები

საბიუჯეტო ცვლილებები წინასაარჩევნოდ – ახალი მთავრობა წინამორბედის კვალზე

1 მაისი, 2014 • • 1600
საბიუჯეტო ცვლილებები წინასაარჩევნოდ – ახალი მთავრობა წინამორბედის კვალზე

საქართველოს საარჩევნო კოდექსით, არჩევნებამდე 60–დღიან პერიოდში ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გაწერილი (ცენტრალურ თუ ადგილობრივ) ბიუჯეტში, აკრძალულია. ასევე იკრძალება იმ სოციალური დახმარებების ოდენობის ზრდა (ან დაწესება), რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ ყოფილა. საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების თაობაზე პრეზიდენტმა შესაბამისი სამართლებრივი აქტი 14 აპრილის საღამოს გამოსცა. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ძალაში მომდევნო დღეს შევიდა და არჩევნები 15 ივნისისთვის დაიგეგმა, ზემოხსენებული 60–დღიანი პერიოდის ათვლა სწორედ 15 აპრილიდან დაიწყო, თუმცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაწყვეტილების არაერთმა მიმღებმა “მოასწრო” და ბიუჯეტში ცვლილებები სწორედ 14 აპრილს შეიტანა.

მაგალითად, 14 აპრილის დედაქალაქის საკრებულოში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თბილისში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას სურვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი გამოეყოფა. ასევე, იმავე საკრებულოს ინიციატივით, თბილისში ავარიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.


საქართველოს მთავრობამ აღნიშნული 60–დღიანი საარჩევნო აკრძალვის ათვლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გადაწყვიტა, რომ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ერთჯერადი სახით, 400 ლარით, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულებს 200 ლარით დაეხმაროს.


ბათუმის ბიუჯეტი 14 აპრილს 10 მილიონი ლარით გაიზარდა. ნამატი თანხა სხვადასხვა სოციალურ პროგრამებსა და პროექტებს მოხმარდება.


წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებამდე, პრემიერ-მინისტრის მიერ საჯაროდ გამოცხადდა ახალი სოციალური პროექტის შესახებ, რომლის დაწყებაც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა: პრემიერის ინიციატივით იმ რეგიონებში, სადაც არსებობს შობადობის მნიშვნელოვანი კლება და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს.

 



პრემიერის ეს კონკრეტული ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED–ის შუალედური ანგარიშშიც მოხვდა, როგორც ბიუჯეტის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების საფრთხე:

 

“წარსულში არჩევნებზე ხშირად ჰქონდა ადგილი ისეთ შემთხვევებს, როდესაც სოციალური პროექტების დიდი ნაწილის დაწყება წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვეოდა და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმებოდა. შესაბამისად, აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს სახელმწიფო ბიუჯეტის პოლიტიკური მიზნით გამოყენების საფრთხეს”.

 

საიას იურისტის, ლელა ტალიურის განცხადებით, ყოველივე ზემოხსენებული ფაქტი კანონდარღვევის ნიშნებს არ შეიცავს, რადგან 60–დღიან ვადას არ არღვევს, თუმცა გარკვეულ ტენდენციაზე მიანიშნებს:

 

“ეს კანონდარღვევა არ არის, უბრალოდ, ეს ფაქტები გარკვეულ ტენდენციაზე მიუთითებს. ალბათ, გახსოვთ, როგორ ხდებოდა ხოლმე წინა ხელისუფლების დროს: [არჩევნების გამოცხადების] წინა დღეს ცვლიდნენ ხოლმე ბიუჯეტებს. იგივე მოხდა ახლაც”, – ამბობს ლელა ტალიური, რომელიც საიაში საარჩევნო საკითხებზე მუშაობს.

 

2012 წლის არჩევნებამდე, წინა ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ბრალდებით მაშინდელ მთავრობას სამოქალაქო სექტორიის პოზიციიდან ღიად აკრიტიკებდა შოთა მურღულია, რომელიც ამჟამად ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი და ამ ქალაქში მერობის კანდიდატია “ქრთული ოცნებიდან”. დღეს უკვე მურღულიას მისამართით დაისმის ანალოგიური შეკითხვები. მაგალითად, 26 მარტს მან პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის საფასურის ნაწილს მერია გადაუხდის: ერთსულიან და ორსულიან ოჯახებს მერია 36 ლარით დაეხმარება; სამ, ოთხ და ხუთწევრიან ოჯახებს – 54 ლარით, ექვს და შვიდწევრიან ოჯახებს – 72 ლარით, ხოლო რვა და მეტწევრიან ოჯახებს კი 90 ლარის დაფინანსება მიეცემათ ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად.


ბათუმისა და თბილისის მსგავსად 14 აპრილს ცვლილება ქუთაისის ბიუჯეტშიც შევიდა. ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, კონკრეტული სფეროებისთვის, ჯამში, 2 მილიონ 180 ათასი ლარი გამოიყო, “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებმა განაცხადეს, რომ საქმე წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვაქვს, თუმცა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი მაინც დაუჭირეს იმ მოტივით, რომ “ქალაქში რაღაც გაკეთდეს”.

 

“კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ [საბიუჯეტო ცვლილებების] შეზღუდვები იწყება არჩევნების ჩატარებამდე 60 დღით ადრე. აქ კანონის ყველა მოთხოვნაა დაკმაყოფილებული. არ მესმის, უბრალოდ, კანონში უნდა ჩაიხედონ”, – უთხრა ნეტგაზეთს შოთა მურღულიამ ამ საკითხზე კომენტირებისას.

 

როდესაც მას 2012 წლის საარჩევნო კამპანია და მისი იმდროინდელი კრიტიკული განცხადებები შევახსენეთ ყოფილი ხელისუფლების მიმართ, მურღულიამ ასე გვიპასუხა:

 

“დიახ, მაგრამ მაშინ წინასწარ დაგეგმილ პროექტებზე არ ყოფილა საუბარი. ეს ახლანდელი პროექტები გაცილებით ადრე დაიგეგმა, [2014 წლის] იანვრიდან  დაიწყო პროცესი… შემდეგ დაპროექტდა, წარედგინა მთავრობას, გამოიყო თანხები. ვინც მოასწრო და პროექტები დადო, რატომ უნდა გაეჩერებინა ეგ პროექტები, მაშინ, როდესაც კანონს არ არღვევს?!

 

წინა პერიოდში სხვანაირად კეთდებოდა ხოლმე: სასწრაფო წესით ხდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება. ახლა ყველაფერი კანონმდებლობის დაცვით მიმდინარეობს და რაც მეტს გავაკეთებთ ჩვენ, არჩევნებამდე იქნება ეს თუ არჩევნების მერე, რა თქმა უნდა, კარგია”.

 

ლელა ტალიურის თქმით კი, საია საარჩევნოდ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების საკითხს იკვლევს. მისი თქმით, რეგიონებიდან შედის ინფორმაცია, რომ ზოგიერთ საჯარო უწყებაში საშტატო რაოდენობები და პრემიების ოდენობა გაზრდილია.

 

“პარტიული და სახელისუფლებო ფული გამიჯნული უნდა იყოს. ბიუჯეტის ფული უნდა მოხმარდეს იმას, რაც  არის გაწერილი და 12 თვეზე გაანგარიშებული და მაინცდამაინც საარჩევნოდ არ უნდა გაიხარჯოს ამ მთლიანი თანხის დიდი ნაწილი. მაინცდამაინც არჩევნების წინ არ უნდა გაახსენდეთ სოციალური დახმარებები, კეთილი საქმეები და ამომრჩევლის მოთაფვლა”.


ფული
ფული

მასალების გადაბეჭდვის წესი