ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არც ერთი ოპოზიციური პარტია – წინასაარჩევნო კამპანია სამხრეთ ოსეთში

30 აპრილი, 2014 • • 1491
არც ერთი ოპოზიციური პარტია – წინასაარჩევნო კამპანია სამხრეთ ოსეთში
პოლიტიკური პარტიების აქტივობამ პიკს 2013 წლის გაზაფხულზე მიაღწია, როდესაც ერთი მეორის მიყოლებით ტარდებოდა პარტიების სადამფუძნებლო ყრილობები, ხოლო შემდეგ ლამის შტურმით იღებდნენ იუსტიციის სამინისტროს, რომელიც პარტიების რეგისტრაციას აწარმოებს. ეს ყველაფერი საარჩევნო კანონმდებლობამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმ პარტიებს შეუძლიათ, რომლებიც არჩევნებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე არიან დარეგისტრირებულნი.
ზარინა სანაკოევა
ზარინა სანაკოევა


იმ დროისთვის, როდესაც პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი დანიშნა, რომელიც 8 ივნისს ჩატარდება, იუსტიციის სამინისტროში 15 პოლიტიკური პარტია იყო დარეგისტრირებული. მალევე გახდა ცნობილი პირველი პარტიის შესახებ, რომელიც საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა. ეს გახლდათ პარტია “სამართლიანობა, შრომა, განვითარება”, რომლის რეგისტრაციიდან ერთი წელიც არ გასულა.

 

არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას პარტია – “ოსეთი – თავისუფლების მოედანი”. მანამდე მისი რიგები ლიდერმა – ალა ჯიოევამ დატოვა. არადა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც ეს პარტია შეიქმნა, ისე ჩანდა, რომ იგი მთავარი პოლიტიკური ძალა გახდებოდა რესპუბლიკაში. ალა ჯიოევამ პარტია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნა, რომელიც მან მოიგო, თუმცა ამ არჩევნების შედეგები გაუქმდა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას პარტიის თავმჯდომარის რანგში გააგრძელებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯიოევა მთავრობის ვიცე-პრემიერად დაინიშნა, ამ პარტიის აქტიურობა დიდხანს აღარ გაგრძელებულა.

ალა ჯიოევა
ალა ჯიოევა

 

თავიანთი პარტიები შექმნეს ანატოლი ბიბილოვმა (“ერთიანი ოსეთი”) და დავით სანაკოევმა (“ახალი ოსეთი”), რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და გადაწყვიტეს, რომ ამ ფორმით, უკვე გამომუშავებული ელექტორატის პლატფორმაზე ჩამოეყალიბებინათ პოლიტიკური პარტია.

 

სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაში პოლიტიკურ პარტიებზე, ძირითადად, მათი ლიდერების პიროვნული თვისებების პრიზმით საუბრობენ. ცოტას თუ აინტერესებს პარტიების პროგრამები. დიდწილად ეს იმასაც უკავშირდება, რომ წინასაარჩევნო დაპირებებს მაინც არავინ ასრულებს.

 

დღესდღეობით მხოლოდ ერთადერთ პარტიას – “ერთიან ოსეთს” აქვს დასახული კონკრეტული იდეა. ეს არის სამხრეთ ოსეთის შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. იმის მიუხედავად, რომ ამ იდეას სამხრეთ ოსეთში ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები, ალბათ, ნებისმიერი პარტია ისურვებდა მსგავსი რამის გამოყენებას.

 

სხვა შემთხვევებში, ფსონები ძირითადად პიროვნებებზე კეთდება. მაგალითად, პარტია “ნიხასმა” (Ныхас), რომელსაც ბოლო დრომდე რუსლან გაგლოევი თავმჯდომარეობდა, წინასაარჩევნო ყრილობაზე შეიცვალა ხელძღვანელი და ეს პოზიცია ცხინვალის მერმა ალან ალბოროვმა დაიკავა, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა.

ალან ალბოროვი
ალან ალბოროვი

 

წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილე ყველა პარტიაზე ჯერჯერობით ერთი რამ შეიძლება ითქვას – არც ერთი მათგანი არ არის ოპოზიციური. თუმცა ხელისუფლების ცხარე კრიტიკით გამოვიდა პარტია “სამართლიანი ოსეთის” თავმჯდომარე კოსტა კოშტე. პარტიის ყრილობაზე, რომელიც ახლახან ჩატარდა, მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია – “არჩევნები დარღვევებით ჩატარდება” და ეს დაასახელა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მთავარ მიზეზად. მან არჩევნებს უწოდა “ფარსი, რომლისთვისაც წინასწარაა შედგენილი შედეგები”. აღნიშნულ პარტიას, ასევე, არ მოსწონს, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, რამაც სამხრეთ ოსეთის პირობებში არ გაამართლა. ამაში ხელისუფლებას და “მის ხელქვეით პარლამენტს” ადანაშაულებს.

 

ამას გარდა, პარტია “სამართლიანი ოსეთი” წინააღმდეგია დეპუტატობის კანდიდატებისთვის სამხრეთ ოსეთში ცხოვრების ხუთწლიანი ცენზის არსებობის, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის, რომლებმაც, კოშტეს შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს საკუთარი თავის კომპრომეტირება მოახდინეს. პარტია პირობას დებს, რომ არჩევნების შემდეგ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვა, რათა შეიცვალოს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური მოწყობის სისტემა.

კოსტა კოშტე, ფოტო: russia-osetia.ru
კოსტა კოშტე, ფოტო: russia-osetia.ru

 

ცესკოს მიმართ პრეტენზიები აქვს, ასევე, პარტიას – “სამართლიანობა, შრომა, განვითარება”. პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს, მაგრამ სხვა პარტიებს მოუწოდა, ყურადღებით იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ცესკოს ადრინდელი საქმიანობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ იგი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის ძალიან სუბიექტურ, მისეულ ინტერპრეტირებას ახდენს.

 

ძამბოლათ თედეევიც ჩამოყალიბდა, თუ რომელ პარტიას დაუჭერს მხარს. თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილება ვერ შეძლო სამხრეთ ოსეთში ცხოვრების ხუთწლიანი ცენზის გამო. მაშინ მან ალა ჯიოევას დაუჭირა მხარი და ბევრი სწორედ ამით ხსნიდა ჯიოევას გამარჯვებას არჩევნებში. ამჯერად თედეევმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს პარტიას “ხალხების ერთობა”, რომლის თავმჯდომარეა ვლადიმერ ქელეხსაევი, თუმცა ჯერ რთულია პროგნოზირება, რამდენად იმოქმედებს ეს განცხადება პარტიის რეიტინგზე.

ვლადიმერ ქელეხსაევი
ვლადიმერ ქელეხსაევი

წინასაარჩევნო აგიტაცია ჯერ არ დაწყებულა, თანაც, პარტიები ახლა ცესკოში რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებით არიან დაკავებულნი. მართალია, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ცხელი წინასაარჩევნო კამპანია იქნება, თუმცა ჯერ ამის დაჯერება რთულია. პარტიები ბევრია, ისინი აქტიურობენ, მაგრამ ყველაზე რთული იქნება ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად პარლამენტი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არავის ახსოვს, რომ საკანონმდებლო ორგანომ რომელიმე საკითხში რაიმე გადამწყვეტი როლი შეასრულა.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი