აქციის მონაწილეები კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვენ, რადგან მასში ერის გარყვნის საფრთხეს ხედავენ. ადგილზე მიმდინარეობს პარაკლისის წაკითხვა.
მამა არჩილ დათეშიძე ამბობს, რომ ჰომოსექსუალობა გადამდებია:
“ნურავის ჰქონია, რომ ეს არ გამრავლდება. ეს გადამდებია, მომრავლდებიან ეს ადამიანები, ეს დაავადებიდან არ მოდის, უფრო მეტად უზნეო ცხოვრებიდან მოდის, აღვირახსნილი ცხოვრებიდან მოდის. რომ არ იციან რა გააკეთონ, როგორ გაერთონ იქედან მოდის ეს ყოველივე უზნეობა.
“დროებით უნდა შეჩერდეს ეს ყველაფერი, სანამ ხალხი ბოლომდე არ გაიგებს სიმართლეს და ყველა მუხლის სიღრმეში არ ჩაწვდება. მე ვიცი, რომ სულ ცოტა ხანში საქართველო გაბრწყინდება, მაგრამ ამას ასეთი წინსვლა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და უნდა შევიკრიბოთ ერთი და ორი კი არა, მთელი საქართველო უნდა დადგეს. საქართველო სართველო ქვეყანაა, ამ ქვეყანაში რთველია მოსაკრეფი, უფალი ბრძანებს – მე ვარ ვაზი, თქვენ ხართ ჩემი ლერწები, მევენახე მამაჩემიაო. საქართველო ხელთავიდან არის გასანათლებელი, ხელთავიდან” – ამბობს მამა კონსტანტინე ცაგარეიშვილი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მღვდელი იოსები ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით ერი გადაშენდება:
“ამ კანონის მიღებით მთელს ერს ექადის გადაშენება, დაკნინება, სულიერი და ზნეობრივი წახდენა, გარყვნა, რაც არის უსაშინელესი ცოდვა. ამიტომ ჩვენ, ვიმაღლებთ ხმას ამ უზნეობის წინააღმდეგ და ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს კანონი საერთოდ არ მიიღონ. ამაზე საუბარიც და მსჯელობაც კი საშინელება და ცოდვაა. ჩვენს პროტესტს გამოვხატავთ ყოველთვის. ღმერთზე მეტი დემოკრატი დედამიწის ზურგზე ადამიანი არ დაბედებულა. სამღვდელო დასი, ჰგონიათ, თითქოს ვართ დემოკრატიის წინააღმდეგ, არა, ბატონო, ჩვენ ჭეშმარიტი, რეალური დემოკრატიის მომხრე ვართ და უზნეობის წინააღმდეგ ყოველთვის აუმაღლებია ქართველ ერს ხმა და ყოველთვია აიმაღლებს.”
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, რომელშიც მღვდლებიც მონაწილეობდნენ და ითხოვდნენ განხილვების გადადებას. ანალოგიური მოთხოვნით მანამდე განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ. თუმცა კანონპროექტის განხილვა კომიტეტში მაინც შედგა, რის გამოც მღვდლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.








