თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მოწინააღმდეგე მღვდლები სავედრებელ პარაკლისს იხდიან და ღმერთს დახმარებას შესთხოვენ, რათა არ მოხდეს კანონპროექტის მათთვის მიუღებელი სახით დამტკიცება.

პარაკლისი თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014
პარაკლისი თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014

 

სავედრებელი პარაკლისი მიმდინარეობს ქუთაისშიც, სადაც მანამდე სასულიერო პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილე, მღვდელი კონსტანტინე ცაგარეიშვილი ამბობს, რომ დროებით უნდა შეჩერდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა პარლამენტში:

 

“დროებით უნდა შეჩერდეს ეს ყველაფერი, სანამ ხალხი ბოლომდე არ გაიგებს სიმართლეს და ყველა მუხლის სიღრმეში არ ჩაწვდება. მე ვიცი, რომ სულ ცოტა ხანში საქართველო გაბრწყინდება, მაგრამ ამას ასეთი წინსვლა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და უნდა შევიკრიბოთ ერთი და ორი კი არა, მთელი საქართველო უნდა დადგეს. საქართველო  ქვეყანაა, ამ ქვეყანაში რთველია მოსაკრეფი, უფალი ბრძანებს – მე ვარ ვაზი, თქვენ ხართ ჩემი ლერწები, მევენახე მამაჩემიაო. საქართველო ხელთავიდან არის გასანათლებელი, ხელთავიდან”.

სასულიერო პირების აქცია ქუთაისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014
სასულიერო პირების აქცია ქუთაისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014

 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მღვდელი იოსები ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით ერი გადაშენდება:

 

“ამ კანონის მიღებით მთელს ერს ექადის გადაშენება, დაკნინება, სულიერი და ზნეობრივი წახდენა, გარყვნა, რაც არის უსაშინელესი ცოდვა. ამიტომ ჩვენ ვიმაღლებთ ხმას ამ უზნეობის წინააღმდეგ და ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს კანონი საერთოდ არ მიიღონ. ამაზე საუბარიც და მსჯელობაც კი საშინელება და ცოდვაა. ჩვენს პროტესტს გამოვხატავთ ყოველთვის.  ღმერთზე მეტი დემოკრატი დედამიწის ზურგზე ადამიანი არ დაბედებულა. სამღვდელო დასი, ჰგონიათ, თითქოს ვართ დემოკრატიის წინააღმდეგ, არა, ბატონო, ჩვენ ჭეშმარიტი, რეალური დემოკრატიის მომხრე ვართ და უზნეობის წინააღმდეგ ყოველთვის აუმაღლებია ქართველ ერს ხმა და ყოველთვია აიმაღლებს.”

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, რომელშიც მღვდლებიც მონაწილეობდნენ და ითხოვდნენ განხილვების გადადებას. ანალოგიური მოთხოვნით მანამდე განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ. თუმცა კანონპროექტის განხილვა კომიტეტში მაინც შედგა, რის გამოც მღვდლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *