კერძოდ, საქმე ეხება სახალხო დამცველის გაცემული რეკომენდაციის აღსრულების საკითხს და შემდეგ გამოსაყენებელ შესაძლო მექანიზმებს. როგორც უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, ეს საკითხი ძალიან პრინციპულია:
“ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე პრინციპული შემოთავაზება. იმ შემთხვევაში, თუკი არ შესრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაცია, სახალხო დამცველი მიმართავს სასამართლოს, რათა გამოყენებული იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ჯარიმა იმ პირის მიმართ, რომელიც არ შეასრულებს რეკომენდაციას. ეს ინიციატივა არ გულისხმობს იმას, რომ სახალხო დამცველი თვითონ დააჯარიმებს, არამედ მიმართავს სასამართლოს. ჯარიმა იქნება გამოყენებული მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველი შეეცდება და ამოიწურება ის დრო, რომ ნებაყოფლობით იყოს შესრულებელი რეკომენდაცია. ეს რეაგირების უკიდურესი ფორმაა, მაგრამ მიგვაჩია, თუკი ეს ფორმა საერთოდ არ იქნება კანონპროექტში, ის მოკლებული იქნება რეალურ შესაძლებლობას, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებები იყოს დაცული, ან აღდგენილი.”

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე ისაუბრეს. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კომიტეტის სხდომაზე მხარეები რამდენიმე ცვლილებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამ ცვლილებების დოკუმენტში ასახვა ჯერ ვერ მოესწრო. ბესელიამ დეპუტატებს განუმარტა, რომ დღის ბოლომდე დოკუმენტები მზად იქნება და გამოვიდა ინიციატივით, ბიუროს სხდომა კიდევ ჩატარდეს, რათა შეთანხმდნენ პლენარული სხდომის დღის წესრიგში კანონპროექტის შეტანაზე.







