ეკა ბესელიას, თქმით, დეპუტატები სასულიერო პირებისაგან ზეწოლას არ განიცდიან

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სასულიერო პირების და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლეგბის მხრიდან დეპუტატებზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. 

ეკა ბესელიას თქმით, მას არ დარჩენია განცდა, რომ ვინმეზე ზეწოლა განხორციელდა:

 

“მე ზეწოლას არ განვიცდი. ყურადღებით და ძალიან გულისხმიერად ვუსმენდი ყველა მონაწილეს. რასაც ითხოვდა ეკლესია, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ჩავერთოთ ფართო დისკუსიაში და ჩვენთან ერთად განიხილეთო, სწორედ ამ შესაძლებლობის მიცემა გვსურდა დღეს. ვისაც უნდოდა აზრის გამოთქმა, მივეცით ამის საშუალება. განსაკუთრებული ფორმატი შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ არ დარჩენილიყო განცდა, თითქოს კანონპროექტი კულუარულად განიხილება. იყო ცალკეული გამონათქვამები, პერსონალური შეურაცხყოფის მიყენება,  რაც არ შეიძლება, ამის გარეშე უნდა ხდებოდეს აზრის გამოხარტვა, იყო ასეთი ცალკეული შემთხვევები და, როგორც ჩანს, ესეც თანმდევი პროცესია ამ კანონპროექტის განხილვის, ჩემთვის ეს ზეწოლა არ არის. უბრალოდ, ზოგჯერ მეტისმეტი ემოციით ხდებოდა აზრის გამოხატვა, იყო პიროვნული შეურაცხყოფებიც და ამიტომ მაქსიმალურად კორექტულად უნდა გამოვხატოთ აზრი.”

 

ბესელიას ამ კომენტარს წინ უძღვოდა ინციდენტი, რის გამოც დეპუტატმა თამარ კორძაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც მეორე მოსმენით ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი განიხილება, პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან, მისი თქმით, პარლამენტზე ძალადობა ხორციელდება.

 

“ამ დარბაზში ხდება ის, რომ თქვენ პირდაპირ ჩემს დასჯას ითხოვთ. თუ თქვენ ამ დარბაზში ჩემი ყოფნა გაღიზიანებთ, მე ამ დარბაზს დავტოვებ თქვენი სიმშვიდისთვის, მაგრამ ის, რაც აქ ტრიალებს, ეს არის ძალადობა პარლამენტზე და ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, მიუღებელია”, – განაცხადა კორძაიამ.

 

სხდომა კორძაიას შემდეგ პროტესტის ნიშნად მღვდლებმაც დატოვეს. მათ იქ მყოფი არასაპარლამენტო ოპოზიციაც შეუერთდა:

 

“ძალიან ცუდად იმოქმედებს ეს ახალ ხელისუფლებაზე, წინა ხელისუფლების მაგალითი გაქვთ, მაგრამ თქვენ უარესს აკეთებთ”, – განაცხადა ერთ–ერთმა მღვდელმა.

 

“ნუ დათესავთ ქარს, თორემ მოიმკით ქარიშხალს”, – აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

 

სხდომაზე, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, რჩებიან დეპუტატები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

“lgbt Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით შუბლაძე, რომელიც საკომიტეტო განხილვას ესწრებოდა, აცხადებს, რომ სასულიერო პირები დომინირებულ მდგომარეობაში იყვნენ. შუბლაძე ასევე ამბობს, რომ ზეწოლას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზეც ჰქონდა ადგილი:

 

“ჩვენ არ მოგვეცა საშუალება დაგვესვა კითხვები, რადგან დრო თანაბრად არ იყო გადანაწილებული და არ იყო დაცული პარლამენტის რეგლამენტი, დისკუსიის ყველა მონაწილეს არ მიეცა საშუალება, რომ მონაწილეობა მიეღო. ზეწოლა ჩვენზეც იყო, გაისმა მუქარებიც, მიიღებთ უარეს 17 მაისს – გვითხრა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს ირიბი ზეწოლაა სახელმწიფოზე ეკლესიის წარმომადგენლებისგან, რომლებიც დღეს სხდომას ესწრებოდნენ.”

 

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ანტიდისკრიმინაციის შესახებ სხვადასხვა მიზეზით იწუნებენ როგორც არასამთავობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის რადმენიმე წევრი და მღვდლები. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მოცემული ფორმა ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნისათვის სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს. ისინი აღსრულების ნაწილში კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. ჯონდი ბაღათურია, ისაკაძე და ლორთქიფანიძე კი პირიქით, ფიქრობენ, რომ კანონპროექტი ზედმეტად მკაცრია, რადგან დისკრიმინაციის საფუძვლად სექსუალური უმცირესობების უფლებებსაც განიხილავს. ისინი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გივი ავალიანი