ახალი ამბები

“თუ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მივიღებთ, შეიძლება პირში კუპრიც ჩაასხან სასულიერო პირებს”

29 აპრილი, 2014 • • 1607
“თუ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მივიღებთ, შეიძლება პირში კუპრიც ჩაასხან სასულიერო პირებს”

დეკანოზი დავით ლასურაშვილი ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაზე სიტყვით გამოვიდა.

 

“მე გახლავართ ის სასულიერო პირი, რომელსაც მიჰყავდა ტრანსლაცია ცეცხლის გადმოსვლის დროს და გთხოვეთ გაგეთვალისწინებინათ საქართველოს ეკლესიის პოზიცია. მე ვთქვი იქ ორი მომენტი, ერთი ის, რომ ამ კანონის მიღება იქნება შეურაცხყოფა ქართველი ერისა, კულტურისა და ზნეობისა, და მეორე ის, რომ ეს გამოიწვევდა შეხლა–შემოხლას ერში. დავძინე ბიბლიის ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ღმერთს არც ერთი ცოდვის გამო არ დაუსჯია კაცობრიობა ისე, როგორც ამ ცოდვის გამო დასაჯა. ამის გამო 7 თუ 13 არასამთავრობო ორგანიზაცია გვიჩივის, მე არა, პირველ არხს უჩივის. მე მინდა მოვუწოდო, თუ გვიყურებენ პირველი არხის წარმომადგენლები, რომ არავის ბოდიში არ მოუხადონ ჩემი გამოსვლის გამო, არაფერი საბოდიშო არ მაქვს და თავის მართლების რეჟიმში არ ვაპირებ ცხოვრებას, თუკი რამ ცუდი არ გავაკეთე, ჯვარი მწერია”

 

დეკანოზი დავითის განცხადებით, აღდგომის ღამეს ტრანსლაციის შემდეგ ერთ–ერთ ტელევიზიაში თეოლოგმა განაცხადა, რომ სასულიერო პირებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ ეკლესიის ტერიტორიაზე აქვთ:

 

“იმავე ღამეს გამოვიდა ერთ–ერთი ტელევიზიით თეოლოგი, რომლის სახელს და გვარსაც არ დავასახელებ და თქვა, რომ სასულიერო პირს აქვს უფლება გამოთქვას თავისი მოსაზრება, მაგრამ მხოლოდ ეკლესიის ტერიტორიაზე. თუ ამ კანონს მივიღებთ, ალბათ გვეტყვიან, კუპრი უნდა ავადუღოთ და პირში ჩავასხათ სასულიერო პირებსო”, – განაცხადა მან.

 

აღნიშნული ტრანსლაციის გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს. მიმართვას ხელს აწერენ მედიის განვითარების ფონდი, MD, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, იდენტობა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ქალთა ფონდი საქართველოში საფარი, კონსტიტუციის  42-ე მუხლი ნინო ბოლქვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი