ახალი ამბები

ხაშოკჯი საუდის საკონსულოში ჩხუბისას დაიღუპა – საუდის არაბეთის მთავრობა

20 ოქტომბერი, 2018 • 2206
ხაშოკჯი საუდის საკონსულოში ჩხუბისას დაიღუპა – საუდის არაბეთის მთავრობა

საუდის არაბეთის მთავრობა აცხადებს, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოკჯი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში “ხელჩართული ჩხუბისას” დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში დღეს, 20 ოქტომბერს განაცხადეს.

Washington Post-ის ცნობით, აღნიშნულზე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ტვიტერის” გვერდზეც დაიწერა. მთავრობა აცხადებს, რომ საკონსულოს შენობაში ჟურნალისტს შელაპარაკება მოუვიდა ადამიანებთან, რა დროსაც კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ფატალურად დასრულდა.

ოფიციალური არ-რიადი ამბობს, რომ აღნიშნულის გამო საუდის არაბეთის 5 ოფიციალური პირი თანამდებობიდან გათავისუფლდა და ქვეყნის 18 მოქალაქე დააკავეს. თანამდებობიდან მოხსნილთა შორის ქვეყნის მემკვიდრე პრინცის, მუჰამად ბინ სალმანის მრჩეველი და სადაზვერვო სამსახურის უფროსის მოადგილე არიან.

ამ განცხადებით, არ-რიადმა პირველად დაადასტურა, რომ  ჟურნალისტი ჯამალ ხაშოკჯი დაღუპულია. ასევე, საუდის არაბეთის მთავრობამ პრაქტიკულად აღიარა, რომ თავისივე პირვანდელი მტკიცება, თითქოს ხაშოკჯიმ საუდის საკონსულო ცოცხალმა დატოვა, ტყუილი იყო. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდა.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოკჯი ბოლოს სტაბმოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს 2 ოქტომბერს. იგი Washington Post-ის მესვეტე და, BBC-ის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი იყო, თუმცა ბოლო წლებში საუდელ პრინც მუჰამად ბინ სალმანს აკრიტიკებდა.

2 კვირიანი უარყოფის შემდეგ, საუდის მთავრობამ ზემოაღნიშნული ვერსია საერთაშორისო საზოგადოებისგან უპრეცენდენცო პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ფონზე გაახმიანა. თუმცა, Washington Post აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია, რამდენად დააკმაყოფილებს მისი ეს მტკიცება უცხოეულ ლიდერებს, გლობალური ბიზნესის წარმომადგენლებსა და აშშ-ს კანონმდებლების, რომლებიც სამართლიანობის აღსრულებას ითხოვენ.

არ-რიადის განცხადებას უკვე გამოეხმაურა მისი სტრატეგიული პარტნიორის –  აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც საუდის არაბეთის მიერ 18 ადამიანის დაკავება “მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯად” შეაფასა. მანვე აღნიშნა, რომ თუ კონგრესს სურს, რიადს ჟურნალისტის საქმეზე სანქციები დაუწესოს, ისურვებდა, რომ ეს ქვეყნებს შორის თავდაცვით თანამშრომლობას არ შეეხოს.

სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში დაღუპული ჟურნალისტის საქმეზე სრულიად განსხვავებულია თურქული მხარის ვერსია – ანკარა ამტკიცებს, რომ ხაშოკჯი მოკლეს, ოპერაციაში მონაწილეობა კი საუდის არაბეთიდან თურქეთში ჩასულმა 15 ადამიანისაგან  შემდგარმა ჯგუფმა მიიღო.  თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, ისინი საუდის არაბეთის თავდაცვის უწყების თანამშრომლები არიან, ნაწილს კი უშუალო კავშირები აქვს მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმანთან.

ანკარა ასევე აცხადებს, რომ მკვლელობის შემდეგ, ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს და აღნიშნავს, რომ ყოველივე ამის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებიც გააჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი