ახალი ამბები

ბოტკოველი: დედა პარასკევა დროებით წავიდა მონასტრიდან, თქვა – გადავიღალეო

29 აპრილი, 2014 • • 5202
ბოტკოველი: დედა პარასკევა დროებით წავიდა მონასტრიდან, თქვა – გადავიღალეო

“არავითარი შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებიათ, ის მონასტერში იყო და დროებით წავიდა იქიდან. თქვა, რომ გადავიღალეო. ეს არის ის, რაც მე მონასტერში მითხრეს”, – განუცხადა ბოტკოველმა ნეტგაზეთს.

 

დედა პარასკევა ამ დროისთვის სამთავროს მონასტერში არ იმყოფება. მონასტერში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ჟურნალისტებთან საუბრის კურთხევა არ აქვთ და კომენტარს ვერ გააკეთებენ. თვითონ დედა პარასკევა ტელეფონს არ პასუხობს, მისმა ერთ–ერთმა ახლობელმა, რომელმაც მის ტელეფონს უპასუხა, გვითხრა, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სამთავროს მონასტერში მომხდარ ინციდენტს ეხება, სიმართლეა.

დედა პარასკევა
დედა პარასკევა

 

მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ პარასკევა საპატრიარქოში ამ დრომდე არ მისულა. მისივე თქმით, ილია მეორე ამ დროისთვის ბათუმში იმყოფება და მისი დაბრუნების შემდეგ პარასკევას შეუძლია საპატრიარქოში მისვლა და სიტუაციის გარკვევა:

 

“რამდენიმე დღეში დაბრუნდება პატრიარქი თბილისში და მობრძანდეს დედა პარასკევა და გაარკვევს. ჩვენთან არ მოსულა იგი ამ დრომდე. წესით, თუ რაიმე იყო, ჩვენთან უნდა მოსულიყო. აბა, საპატრიარქო რისთვის არის?!”

 

სამთავროს დედათა მონასტერში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია For.ge-მ გაავრცელა. მოგვიანებით თავად დედა პარასკევამ kvira.ge-ს უთხრა, რომ დედა ქეთევანი მას თავის გატეხვით ემუქრებოდა და მონასტრიდან წასვლას აიძულებდა. 

 

“დედა ქეთევანი მამა გაბრიელის სიყვარულისა და ერთგულების მსახურებისთვის მდევნიდა. კელიის გასაღებიც ჩამომართვეს. სინჯარა, სადაც მამა გაბრიელის წმინდა სისხლია მოთავსებული, არ დავთმე. ის ჩემია, რატომ უნდა მიმეცა? ის მამა გაბრიელმა მისახსოვრა. საერთოდ, მამა გაბრიელისადმი მონასტერში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და ამას დედა ქეთევანი ახორციელებს“, – განუცხადა „კვირას“ პარასკევამ.

 

შეგახსენებთ, რომ პარასკევა წლების განმავლობაში მცხეთაში ბერი გაბრიელის საფლავს უვლიდა. მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარასკევას “ჰქონდა ხილვა”, რომლის მიხედვითაც ბერი გაბრიელი მის საფლავთან მისულ მორწმუნეებს სურვილებს აუსრულებდა. შემდეგ პარასკევამ განაცხადა, რომ მას არავითარი ხილვა არ ჰქონია და გაბრიელს ადამიანების სურვილების ასრულება მან შესთხოვა. თებერვალში მცხეთაში პარასკევას კელია აიღეს, რომელიც გაბრიელის საფლავთან მდებარეობდა. მანამდე ბერი გაბრიელი წმინდანად შერაცხეს, ხოლო შემდეგ სამებაში გადაასვენეს, რის შემდეგაც ისევ მცხეთაში გადაასვენეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი