ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზების გამოკვლევა დაიწყო

29 აპრილი, 2014 • • 1062
ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზების გამოკვლევა დაიწყო

“ანგარიშსწორების ყოველი ასეთი შემთხვევა კრიმინალად უნდა იყოს შეფასებული. არსებობს ცივილიზებული გზა, რომ გაირკვეს რეალური მიზეზი დაავადების სიმძიმის, სამწუხარო ფაქტია გარდაცვალების, ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. პაციენტის დედის განცხადების საფუძველზე დაწყებულია უკვე მოკვლევა. შესაბამისი დრო სჭირდება ამ ყველაფერს, რომ ეს გაანალიზებული იყოს სწორად. იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული და ეს ინფორმაცია იქნება ცნობილი”,- განაცხადა დიმიტრი მახათაძემ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

 

“საჩივრის შესწავლა დავიწყეთ აპრილის 14-ში. იმ პერიოდში ბავშვი მკურნალობდა, ფაქტობრივად, ვასრულებდით საკითხს, როდესაც გარდაცვალება მოხდა, ამიტომ გაგრძელდა ვადა კომისიის მუშაობისა. ორშაბათს დასრულდება ადგილზე შემოწმება და შემდეგ დაიგეგმება ექსპერტებთან გამოკვლეული სამედიცინო დოკუმენტების გადაგზავნა. კონკრეტიზაცია აკლდა საჩივარს. დედა პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ ბავშვის ჯანმრთლობის გაუარესება გამოიწვია სამედიცინო პერსონალის არასწორმა ჩარევამ. დეტალიზაცია, კონკრეტიზაცია საჩივარში არ იყო”,- განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ლადო კეპულაძემ.

 

იაშვილის კლინიკაში ერთი წლის ბავშვი 25 აპრილს გარდაიცვალა, რის გამოც ბავშვის ექიმს გარდაცვლილის ბაბუა დაესხა თავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 187-ე მუხლის მიხედვით. კითხვაზე, თუ ვინაა დაკავებული, შსს პასუხობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს დილით იაშვილის კლინიკასთან ექიმებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს, სადაც ექიმზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება მოითხოვეს. 

 

იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ცნობით, გარდაცვლილ პაციენტს ჰქონდა პათოლოგიური დაავადებები, რის გამოც ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს. 

 

გარდაცვილი პაციენტის ოჯახი ამბობს, რომ მცირეწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია ექიმების უყურადღებობამ, რადგან მათ თავის დროზე არ მისცეს ფორმა 100, რომ მცირეწლოვანი საავადმყოფოდან გაეწერათ და უცხოეთში სამკურნალოდ წაეყვანათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი