ახალი ამბები

2016 წლის 17 მაისს სტენსილების გაკვრისას დაკავებული აქტივისტების სარჩელი არ დაკმაყოფილდა

19 ოქტომბერი, 2018 • 1519
2016 წლის 17 მაისს სტენსილების გაკვრისას დაკავებული აქტივისტების სარჩელი არ დაკმაყოფილდა

2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოსთან ანტიჰომოფობიური სტენსილების გაკვრის დროს დაკავებული ლგბტ აქტივისტების სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ “თანასწორობის მოძრაობა” იუწყება.

საქმე ეხება 2016 წლის 17 მაისს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ლგბტ აქტივისტებმა ანტიჰომოფობიური სტენსილები გააკრეს რამდენიმე ადგილას მას შემდეგ, რაც ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის ჩატარება ვერ შეძლეს. ასეთივე სტენსილს საპატრიარქოს გალავნის კედელზეც ამზადებდნენ, რასაც პოლიციის წინააღმდეგობა და მათ მიერ 10 აქტივისტის დაკავება მოჰყვა.

“პოლიცია აქტივისტებს ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმების დარღვევას, რომელიც პოლიციის დაუმორჩილებლობასა (173-ე მუხლი) და სტენსილების შეუსაბამო ადგილებში გაკვრას (150-ე მუხლი) ეხება.

სასამართლომ დააკმაყოფილა მხოლოდ 150-ე მუხლის დარღვევა და ისინი 50-50 ლარით დააჯარიმა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ აქტივისტებმა ისევ მიმართეს სასამართლოს, რათა განეხილათ, დააკავეს თუ არა აქტივისტები კანონიერად და მოეთხოვათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება”, – აღნიშნავს “თანასწორობის მოძრაობა”.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დაკავების მომენტისთვის შესაბამისი მიზანი არ არსებობდა. EMC-ის იურისტისა და აქტივისტთა ადვოკატის, დავით ბერძულის თქმით, პოლიციის თანაშრომლებს არც შესაბამისი ფორმები ეცვათ და მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.

იურისტი  აცხადებს, რომ სასამართლოს დაკავების კანონიერებაზე არ უმსჯელია, ვინაიდან ეს “მის კომპეტენციაში არ შედიოდა”. სარჩელის ის ნაწილი კი, რომელიც ზიანის ანაზღაურებას მოიცავდა, არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე სააპელაციო ნაწილს ელოდება, რათა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი