ახალი ამბები

შენობები, სადაც “მიხაილოვის საავადმყოფო” მდებარეობდა, საპატრიარქოს გადაეცა

29 აპრილი, 2014 • • 6947
შენობები, სადაც “მიხაილოვის საავადმყოფო” მდებარეობდა, საპატრიარქოს გადაეცა

როგორც მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის #726 განკარგულებაშია აღნიშნული, საპატრიარქოს საკუთრებაში გადადის თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. №60-ში მდებარე 472 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: №1 და №2 საერთო ფართობით: 749,07 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.16.05.013.045).

 

2013 წლის ოქტომბერში ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა ამ შენობებისთვის ძეგლის სტატუსი მოხსნა, რისთვისაც მიმართა კულტურის სამინისტროს, ხოლო ამ უკანასკნელმა საკითხის შესწავლა დაავალა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული კულტურისა და ხელოვნების კვლევით ცენტრს.

 

აღნიშნული ცენტრის დასკვნით, ეს შენობები წარმოადგენდა მიხეილის საავადმყოფოს შემადგენელ ნაგებობებს და შემორჩენილია იმ დროის სამშენებლო ოსტატობის მეთოდი. ამავე დასკვნით, შენობებს სრულად აქვთ შენარჩუნებული ისტორიული და კულტურული ღირებულება, რის გამოც აღმოჩნდნენ ისინი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

 

გასული წლის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეკონომიკის სამინისტრო აპირებდა აღნიშნული შენობების გასხვისებას, რათა ამ ადგილებზე ინვესტორს სასტუმრო აეშენებინა.

 

მთავრობის განკარგულებაში, რომლითაც შენობები საპატრიარქოს გადაეცა, აღნიშნულია, რომ ამ განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება.

აღმაშენებლის გამზირი #60
აღმაშენებლის გამზირი #60

მასალების გადაბეჭდვის წესი