ახალი ამბები

ბოტკოველი: თუ კონსტანტინოპოლის ეკლესია რუსეთს უსამართლოდ ექცევა, მხარი არ უნდა დავუჭიროთ

18 ოქტომბერი, 2018 •
ბოტკოველი: თუ კონსტანტინოპოლის ეკლესია რუსეთს უსამართლოდ ექცევა, მხარი არ უნდა დავუჭიროთ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორის მდივანი, მიქაელ ბოტკოველის მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის დაწყებულ დაპირისპირებაში მნიშვნელოვანია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო რამდენად დაეყრდნობა სამართლაინობის პრინციპს.

პატრიარქის მდივნის თქმით, თუ ვის მხარეს დაიჭერს საქართველო, ამ საკითხში გადამწყვეტი არ უნდა იყოს რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ფაქტორი.

ბოტკოველის განცხადება თავდაპირველად “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. პატრიარქის მდივანი აღნიშნულ განცხადებაში განმარტავს, რომ რუსეთის ეკლესიის მიერ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და თუ კრიზისი ორ ეკლესიას შორის გაღრმავდა, ის უფრო რთულ ფორმებს მიიღებს.

“კონსტანტინოპოლის ეკლესია ასაბუთებს, რომ მას აქვს უფლება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინასთან მიმართებით და მოსკოვის საპატრიარქო ეწინააღმდეგება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამ პოზიციას. მათ შორის დავა კანონიკური სამართლის ნორმებით უნდა გადაწყდეს, ეს უცილობელია. იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უპირობოდ მხარი დავუჭიროთ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, არასწორია,” – ამბობს მიქაელ ბოტკოველი სააგენტოსთან ინტერვიუში.

განცხადებაში პატრიარქის მდივანი დასძენს, რომ ვიდრე ყველა არგუმენტი საფუძვლიანად არ იქნება შესწავლილი, მანამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებს. ამასთანავე, ქართული მხარე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციების დაფიქსირებას დაელოდება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მიქაელ ბოტკოველს, რათა დაეზუსტებინა, გამოხატავდა თუ არა ზემოაღნიშნული პოზიცია ილია მეორის პოზიციას, თუ წარმოადგენდა მხოლოდ მიქაელ ბოტკოველის პირად აზრს. აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქის მდივანმა გვითხრა, რომ მან ოფიციალური განცხადება გააკეთა.

“ის, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ მასთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა გვაქვს… კონსტინტონოპოლი რომ იყოს მტყუანი, მაინც მას უნდა დავუდგეთ გვერდში?! ჩვენ სიმართლეს უნდა დავუჭიროთ მხარი და არ ვიმსჯელოთ მხოლოდ იმით, რომ რუსეთი ოკუპანტია,” – განმარტავს ის.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს მტერი და ოკუპანტია, თუ კანონიკური სამართლით კონსტანტინოპოლი რუსეთის ეკლესიის მიმართ უსამართლობას სჩადის, საქართველოს ეკლესიამ მას მხარი არ უნდა დაუჭიროს.

“თუ ეკლესიები სამართლებრივად შეაფასებენ ამ საკითხს და იტყვიან, რომ კონსტანტინოპოლი მართალია, ჩვენ რატომ დავიკავებთ რუსეთის პოზიციას? თუ აღმოჩნდება, რომ კონსტიტნოპოლის არგუმენტები სწორია და ეკლესიების ნაწილი მას მხარს დაუჭერს, რა თქმა უნდა, ჩვენც ამას დავეთანხმებით,” – გვითხრა პატრიარქის მდივანმა.

ნეტგაზეთმა ბოტკოველს ასევე ჰკითხა, უჭერს თუ არა ქართული ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს.

“უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებით ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, თუ სამართლებრივი გზით უკრაინა მოიპოვებს ავტოკეფალიას,” – გვიპასუხა მან.

15 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, სრულად გაწყვიტოს კავშირი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან.

აღნიშნულს წინ უძღოდა კონსტანტონოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების მხარდაჭერა და ამ პროცესის დასაწყებად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

ამავე თემაზე

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი