ახალი ამბები

ეს წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას ემსახურება – პრემიერი “ომეგაზე”

17 ოქტომბერი, 2018 • 1229
ეს წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას ემსახურება – პრემიერი “ომეგაზე”

პრემიერი მამუკა ბახტაძე “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით ამბობს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებს გამოძიება შესაბამის პასუხს გასცემს. რაც შეეხება ბიზნესგარემოს, პრემიერის თქმით, საქართველოში არსებულ კარგ ბიზნესგარემოზე საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს.

“სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გადასახადს ქვეყნის ბიუჯეტში ყველა გადაიხდის. რასაც ვუყურებთ, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული დისონანსის შემოტანას ემსახურება. მინდა ვთქვა, რომ ნურავის ექნება ამის ილუზია. საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლებრივ და მშვიდ გარემოში,” – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

გუშინ, 16 ოქტომბერს, ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა შეაჩერა. ეთერი გაითიშა და ახლა მაყურებლებს მხოლოდ შემდეგი წარწერის ხილვა შეუძლიათ: “ხელისუფლებამ დახურა “იბერია!!!”. ტელეკომპანიის მფლობელი “ომეგა ჯგუფია”.


28 სექტემბერს ცნობლი გახდა, რომ თუ “ომეგა ჯგუფი” სახელმწიფოს მიმართ არსებულ დავალიანებას არ გადაიხდის, მისი ქონება აუქციონზე გაიყიდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურს კომპანიის ქონების გაყიდვის უფლება აქვს. უწყებაში აცხადებენ, რომ 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, კომპანიის დავალიანება თითქმის 50 მლნ ლარს აღწევს.

“ომეგა ჯგუფი” გადასახადების გადაუხდელობას ბაზარზე კონკურენციის პირობების დარღვევითა და კომპანიის არაერთხელ გაჩერებით ხსნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი