ახალი ამბები

“იბერიის” მთავარი საინფორმაციო გამოშვება და პოლიტიკური თოქ-შოუ ეთერში ვერ გავიდა

16 ოქტომბერი, 2018 •
“იბერიის” მთავარი საინფორმაციო გამოშვება და პოლიტიკური თოქ-შოუ ეთერში ვერ გავიდა

ტელეკომპანია “იბერიის” მთავარი საინფორმაციო გამოშვება და ღამის პოლიტიკური თოქ-შოუ დღეს ეთერში არ გასულა.

ამის მიზეზად ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი “ქართული ოცნების” ტერორს და ფინანსურ პრობლემებს ასახელებს.

“აქამდეც მივედით. ახალი ამბების მთავარი გამოშვება ეთერში ვეღარ გავიდა. ვერ გავა “თავისუფალი სივრცეც”. სახელმწიფომ ყველა ბერკეტი გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ. არ ვიცით ხვალ რა იქნება, დღეს კი ასეა”, – წერს ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე.

ხუზმიაშვილის თქმით, უფრო მეტი ინფორმაცია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

“ამ ეტაპზე ვართ პარალიზებულები და ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს. როცა მთავარ დამფინანსებელს შეექმნა პრობლემები, მაშინვე ვთქვით, რომ ეს ხდებოდა ტელეკომპანიის გამო. ჯერჯერობით არ ვიცით, ხვალ რა იქნება და შევძლებთ თუ არა ეთერში გასვლას. ტელევიზიას თანხები სჭირდება ელემენტარულად იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა გადაადგილება მოახერხონ”, – განაცხადა ხუზმიაშვილმა.

მისი თქმით, საინფორმაციო სამსახურის გარეშე ტელევიზია მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას ვერ მოახერხებს.

“თუ საინფორმაციო სამსახური არ იქნება, რა აზრი აქვს ტელევიზიას საერთოდ?! დღეს გამზადებული ვიყავით იმისთვის, რომ ეთერში გავსულიყავით, სტუმრები დაბარებული მყავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვერ მოახერხეთ”, – განაცხადა ხუზმიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” სატელეფონო ჩართვისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი