ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური სუბელიანის სუიციდის მცდელობას ადასტურებს

16 ოქტომბერი, 2018 •
პენიტენციური სამსახური სუბელიანის სუიციდის მცდელობას ადასტურებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანმა გუშინ, 15 ოქტომბერს, თვითმკვლელობა სცადა. მანამდე აღნიშნული ინფორმაცია სუბელიანის ადვოკატმა გაავრცელა.

როგორც უწყება განმარტავს, სუიციდის მცდელობა დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა აღკვეთეს, ხოლო შსს-მ გამოძიება 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით დაიწყო.

“ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – წერია უწყების განცხადებაში.


ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელიც ციხეშია ჩაწერილი. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების წევრია”, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 ოქტომბერს თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. გარდა ამისა, გამოძიება “ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით”. პროკურატურამ თავისი ვერსიის გასამყარებლად 16 ოქტომბერს ახალი ფარული აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა.

ვრცლად ამავე თემაზე:

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი