ახალი ამბები

იმედი მაქვს, პროკურატურა სრულად გამჭვირვალე იქნება გამოძიებაში — წულუკიანი აუდიოჩანაწერებზე

15 ოქტომბერი, 2018 • 1384
იმედი მაქვს, პროკურატურა სრულად გამჭვირვალე იქნება გამოძიებაში — წულუკიანი აუდიოჩანაწერებზე

“ეს ჩანაწერი როდის არის გაკეთებული, კონკრეტული დღე, საათი, ვის მიერ არის გაკეთებული, გამოტანილი, თუ ამგვარი ჩანაწერი საერთოდ გაკეთდა ციხის კედლებში, არის თუ არა ავთენტური და ა.შ — ამის თაობაზე, როგორც გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, 3 დღის წინ არის გამოძიება დაწყებული”,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი2-თან საუბრისას.

საქმე ეხება ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომeლშიც საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

“მე მხოლოდ ის შემილია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები და გამოძიება გაგრძელდება და პროკურატურა, იმედი მაქვს, სრული გამჭვირვალობის პირობებში საზოგადოებას შეატყობინებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ”, -უთხრა წულუკიანმა რუსთავი2-ს.


საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ციხეში მყოფ მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელება უცნობმა პირმა შანტაჟისა და მუქარის გზით მოსთხოვა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელ ი.პ-ს, რის შემდეგაც ი.პ-მ პროკურატურას მიმართა და გამოძიება დაიწყო ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს, სანამ ამ ჩანაწერებს რუსთავი 2 გაავრცელებდა.


გუშინ, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა  აღნიშნული ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომელიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების წევრია”, “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი