ახალი ამბები

გაერთიანებისთვის საჭიროა საერთო ხედვა, დღეს ეს ხედვა აცდენილია – კახიძე ენმ-ზე

15 ოქტომბერი, 2018 • 1972
გაერთიანებისთვის საჭიროა საერთო ხედვა, დღეს ეს ხედვა აცდენილია – კახიძე ენმ-ზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანების საკითხს გამორიცხავს. ამის მიზეზად კახიძე პარტიებს შორის იდეოლოგიურ განსხვავებებს ასახელებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ქსენოფობიური მოსაზრებები მისთვის მიუღებელია.

“მომავალში რა იქნება, ამას დრო გვიჩვენებს. ჩემთვის მიუღებელია რევანშისტული განწყობები და ეს მიუღებელია დღესაც და ასე იქნება მომავალშიც. როცა ასეთი რიტორიკაა, “ნაციონალურ მოძრაობასთან” საერთო ენის გამონახვა გაჭირდება. იმისთვის, რომ მოხდეს გაერთიანება ან შედგეს თანამშრომლობა, საჭიროა საერთო ღირებულებები და საერთო ხედვა ძირითად საკითხებზე, დღეს ეს ხედვა აცდენილია. ჩვენ “ვარდების რევოლუციის” მემკვიდრეობის გამგრძელებლები და ნამდვილი მემარჯვენე-ცენტრისტული ლიბერალური პარტია ვართ”, – აცხადებს ოთო კახიძე.


“ევროპულმა საქართველომ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) შუამავლობით, წინასაარჩევნოდ ხელი მოაწერეს სამპუნქტიან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს; კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ერთმანეთის კრიტიკისგან; არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას.

მემორანდუმით ორივე პარტია ვალდებულია, არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭიროს ნაციონალური მოძრაობის ან ევროპულის საქართველოს კანდიდატს. ოთარ კახიძის თქმით, დოკუმენტში ეს პირობა რომც არ იყოს, თუ გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურში გავა, “ევროპული საქართველო” მხარს მაინც დაუჭერს.

პატიმრებაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა 14 სექტემბერს თქვა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ ორმა პარტიამ ბრძოლა ერთად გააგრძელოს. ოთო კახიძე ამბობს, რომ ციხიდან პოლიტიკურ პროცესში სრულფასოვნად მონაწილეობა შეუძლებელია. “ევროპული საქართველოს” წევრი განმარტავს, რომ მერაბიშვილს ორივე პარტიაში მეგობრები და თანამებრძოლები ჰყავს და ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ არჩევანს თავად გააკეთებს.

“ორი პარტიის გაერთიანების საკითხზე ვანო მერაბიშვილის თავისი შეხედულება აქვს. ამ ეტაპზე მისი პოლიტიკური მომავალი როგორი იქნება და რა ქმედებებს განახორციელებს, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. როცა გამოვა, თავად ისაუბრებს ამ საკითხზე”,-ამბობს ოთო კახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი